ახალი ამბები

არასრულწლოვან გოგოზე სექსუალური ძალადობის ბრალდებით კაცი დავაკავეთ — შსს

8 სექტემბერი, 2022 • 1251
არასრულწლოვან გოგოზე სექსუალური ძალადობის ბრალდებით კაცი დავაკავეთ — შსს

შიდა ქართლის პოლიციის გორის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა არასრულწლოვანი გოგოს გაუპატიურების მცდელობის ბრალდებით 60 წელს გადაცილებული კაცი დააკავეს. ინფორმაცია შინაგან საქმეთა სამინისტრომ 8 სექტემბრის საღამოს გაავრცელა.

“გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა მამაკაცმა მეზობლად მცხოვრებ არასრულწლოვან გოგონაზე სექსუალურად იძალადა.

პოლიციამ [პირი] ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ბრალდებულის სახით დააკავა”, — წერია განცხადებაში.

გამოძიება სსკ-ის 19-137-ე მუხლის მე-4 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით მიმდინარეობს, რაც გულისხმობს გაუპატიურების მცდელობა, ჩადენილს წინასწარი შეცნობით არასრულწლოვანის მიმართ.

დანაშაული 15-დან 20 წლამდე ან უვადოდ თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

მანამდე რადიო “მოზაიკა” იუწყებოდა, რომ საქართველოს ერთ-ერთ მუნიციპალიტეტში 12 წლის გოგოს გატაცებაში ბრალდებულს ეძებდნენ. გამოცემის ინფორმაციით, ბავშვის გატაცებაში 60 წელს გადაცილებულ კაცს ადანაშაულებენ, რომელიც ტაქსის მძღოლად მუშაობდა.

“მოზაიკა” ბავშვის მეზობლებზე დაყრდნობით წერდა, რომ კაცი გაქცეული იყო, გოგოს კი ოჯახის ერთი დღის განმავლობაში ეძებდა.

მასალების გადაბეჭდვის წესი