ნაპოლის შემადგენლობაში ჩემპიონთა ლიგაზე ხვიჩა კვარაცხელიას დებიუტს ცნობილი ვეტერანი ფეხბურთელები გამოეხმურნენ, მათ შორის კლარენს ზეედორფი, მაიკლ ოუენი, გარი ლინეკერი და ეზეკიელ ლავეცი.
ლივერპულისა და ინგლისის ნაკრების ცნობილმა ვეტერანმა ფეხბურთელმა მაიკლ ოუენმა, ხაზი გაუსვა, რომ ნაპოლის ლივერპულთან უფრო დიდი უპირატესობა ჰქონდა, ვიდრე ეს ანგარიშში აიასახა, რადგან ნეაპოლელებმა პენალტი ვერ გაიტანეს და ასევე მატჩის დასაწყისში ძელს გაარტყეს ბურთი.
“ლივერპულის მარჯვენა ფლანგი ხვიჩა კვარაცხელიამ დაფლითა და მე-3 გოლიც ამ ზონიდან გავიდა”, – განაცხადა მაიკლ ოუენმა.
კლარენს ზეედორფმა ასევე შეაქო ნეაპოლელები და განაცხადა, რომ მეორე ტაიმში იტალიელებს კიდევ უფრო მეტი გოლის გატანა შეეძლოთ.
“კვარაცხელიას დიდებული სიმამაცე აქვს”, – განაცხადა ზეედორფმა.
კიდევ ერთმა ინგლისელმა ვეტერანმა ფეხბურთელმა გარი ლინეკერმა ასევე შეაქო ხვიჩა კვარაცხელია.
“ნაპოლის ხვიჩა კვარაცხელია შთამბეჭდავი ახალგაზრდა მოთამაშეა. ვუყურე მის თამაშს ლაციოს წინააღმდეგ შაბათს და ის სუპერი იყო. მის წინააღმდეგ თამაში ისეთვე რთულია, როგორც მისი სახელის სწორად წარმოთქმა”, – დაწერა გარი ლინეკერმა.
“კვარაცხელიამ დიდებული თამაში ითამაშა, ბოლოსკენ ცოტათი დაიღალა, მაგრამ მატჩი ხარისხიანად და ხასიათით ითამაშა, ისევე როგორც სხვებმა”, – განაცხადა ეზეკიელ ლავეციმ, ნაპოლისა და არგენტინის ნაკრების ექსფეხბურთელმა.
ჩემპიონთა ლიგის პირველ მატჩში ნაპოლიმ შინ ლივერუპლს 4-1 მოუგო. ხვიჩა კვარაცხელიამ შეასრულა ერთი საგოლე გადაცემა და ასევე დიდი წვლილი შეიტანა მეორე გოლში, სწორედ მან მოიპოვა ბურთი, რომელიც საბოლოო ჯამში ანგისამ გაიტანა ლვერპულის კარში.
