ახალი ამბებისამხრეთ კავკასიის ამბები

შამბა: რუსეთ-საქართველოს ურთიერთობები იცვლება

8 სექტემბერი, 2022 • 2014
შამბა: რუსეთ-საქართველოს ურთიერთობები იცვლება

ბიჭვინთის ტერიტორიების რუსეთისთვის გადაცემის საკითხზე აფხაზურ საზოგადოებაში ვნებათაღელვის შესახებ სერგეი შამბა, აფხაზეთის დე ფაქტო უშიშროების საბჭოს მდივანი იმ რისკებზე საუბრობს, რომელიც პოტენციურად აფხაზეთისთვის შეიძლება დადგეს.

“თუ შევხედავთ მედია საშუალებებს, ისეთი ნეგატიური ტალღა დათესეს რუსთთან ურთიერთობების შესახებ, რომ ეს ჩვენს ინტერესებში არ შედის. სიტუაცია კი საერთო სურათში უნდა დავინახოთ. მსოფლოში არსებული მოვლენების კონტექსტში. ხედავთ, რომ საქართველოს და რუსეთის ურთიერთობები იცვლება? რუსეთ-საქართველოს დამაკავშირებელი გვირაბის აშენებას გეგმავენ, აფართოებენ ზემო ლარსში გამშვებ საშუალებებს.  ეს ძალიან მნიშვნელოვანი არგუმენტებია. ამიტომაც ჩვენი ქვეყნის ინტერესებიდან უნდა ვიმოქმედოთ. საზოგადოების ასეთი დაყოფით რაიმე პერსპექტივა ვერ გაგვიჩნდება. ყველაფერს დავკარგავთ ასეთი დამოკიდებულებით. ის, რაც დღეს უკრაინაში ხდება, გვაჩვენებს, რომ მსოფლიო  სხვანაირი გახდება და სად ვიქნებით ჩვენ რეგიონში?” – აცხადებს შამბა.

ამასთან, შამბა აცხადებს, რომ “49 წლის შემდეგ [ამ ვადით გადაეცემა რუსეთს ბიჭვინთის ტერიტორიები] ჩვენი შთამომავლობა გადაწყვეტს გადახედოს თუ არა ურთიერთობებს რუსეთთან”.

ბიჭვინთის სახელმწიფო აგარაკის შესახებ შეთანხმების პროექტით, 186 ჰექტარი მიწა და საზღვაო სივრცის 115 ჰექტარი რუსეთის ფედერაციის მფლობელობაში გადადის. ყველა შენობა-ნაგებობა ფედერალური დაცვის სამსახურის საკუთრება ხდება, ხოლო შავი ზღვის აკვატორია მიმდებარე მიწებით რუსეთს 49- წლიანი იჯარით გადაეცემა. ეს იმას ნიშნავს, რომ აფხაზეთის მოსახლეობის ერთი თაობა ბიჭვინთაში სწორედ რუსეთის ტერიტორიაზე იცხოვრებს. სწორედ ამიტომ, აფხაზეთის საზოგადოების ნაწილი, ოპოზიციურად განწყობილი და ნაკლებად პოლიტიზებული მოსახლეობაც კი აღნიშნული შეთანხმების წინააღმდეგია. ბიჭვინთის რუსეთისთვის გადასაცემად აფხაზეთის პარლამენტის მიერ შეთახმების შესახებ კანონის რატიფიცირებაა საჭირო.

მასალების გადაბეჭდვის წესი