ანა ზოზიროვი ახალგორიდან
2019 წლის აგვისტო იყო. ახალგორში ჩვენს სახლში დედასთან ერთად ვიყავი. ერთ საღამოს მოულოდნელად გავრცელდა ხმა, რომ თბილისთან დამაკავშირებელ გზას სამუდამოდ კეტავდნენ. თბილისში სწავლის გაცდენა არ მინდოდა. დედას დავემშვიდობე და ახალგორიდან ხალხის ნაკადს მეც თბილისში გავყევი.
მაშინ ვფიქრობდი, რომ ეს გაფრთხილება მორიგი ისტერია იყო, რადგან მიჩვეული ვიყავით ამას და ეჭვიც არ მეპარებოდა, რომ სულ მალე ისევ ვნახავდი დედას. ჩემთვის ყველაზე ახლობელი ადამიანი დედაა, დიდი ხანი ერთმანეთისაგან შორს არასოდეს ვყოფილვართ.
საგუშაგომდე პაპამ და ბებომ გამაცილეს. თან გზაში ვხუმრობდით, ვაითუ, მართლა დიდი ხნით ვშორდებოდით ერთმანეთს. ასეც მოხდა – გზა აღარც სექტემბერში, სკოლის დაწყების შემდეგ გახსნეს.
სამი წლის განმავლობაში მთელი ძალით ვცდილობდი განცდები არ გამომეხატა. ეს უბრალოდ მონატრება არ იყო, ვიცოდი, რომ დედას სასამართლო პროცესებზე ჩემი მხარდაჭერა სჭირდებოდა და მე მის გვერდით არ ვარ. მას ყველა საბუთი ჩამოართვეს და როცა რამდენჯერმე ცალმხრივად გაიხსნა გზა, ვერც მაშინ შეძლო ჩამოსვლა.
ახალგორელი აქტივისტი თამარ მეარაყიშვილი 2017 წლის 16 აგვისტოს ე.წ. სამხრეთ ოსეთის მილიციამ საცხოვრებელ სახლთან ყოველგვარი ახსნა-განმარტების და შესაბამისი ორდერის გარეშე დააკავა. მოგვიანებით მას ბრალი წარედგინა პარტია „ერთიანი ოსეთის“ ცილისწამების, სამხრეთ ოსეთის მოქალაქეობის უკანონო მოპოვებისა და ყალბი დოკუმენტების გამოყენებისთვის. თამარ მეარაყიშვილის მიმართ ბრალის წარდგენიდან 5 წელზე მეტი გავიდა. ამ ხნის განმავლობაში მას შეზღუდული აქვს გადაადგილების თავისუფლება და ფაქტობრივ შინაპატიმრობაშია.
ბებოს დისტანციურად ტელეფონზე ვიდეოს გადაღება ვასწავლე. ჩვენს სახლს, ეზოს, მოსავლის აღებას და ახალგამოჩეკილ წიწილებსაც კი იღებდა ჩემთვის და მიგზავნიდა.
ცხინვალის მიმართულებით თავისუფალი გადაადგილების თითქმის სამწლიანი შეზღუდვის შემდეგ, გადასასვლელი პუნქტები 2022 წლის 20 აგვისტოდან ნაწილობრივ გაიხსნა, რაც გულისხმობს იმას, რომ ყოველი თვის 20 რიცხვიდან თვის ბოლომდე, შესაბამისი დოკუმენტაციის არსებობის შემთხვევაში, მოქალაქეებს გადაადგილების უფლება ექნებათ. ოსური მხარის ინფორმაციით, 20-დან 28 აგვისტომდე ახალგორისა და ჯავის რაიონების მიმართულებით გახსნილი გამშვები პუნქტებით 3 026- მა ადამიანმა ისარგებლა.
20 აგვისტოს, სამი წლის შემდეგ სახლში დავბრუნდი. ისეთი განცდა მქონდა, რომ სულ რამდენიმე დღით ვიყავი წასული, თითქოს, ქალაქში სამი წელი დრო გაჩერებულიყო.
მხოლოდ ერთგან, გზაზე ზებრა გადასასვლელი დაუხატავთ და ცენტრალური ქუჩა გაანათეს. დედას ჩემი ოთახი დაუსაკუთრებია და ყველაფერი თავის გემოვნებით შეუცვლია. ყვავილები უფრო მეტი დამხვდა სახლშიც და ეზოშიც. ჩემი საყვარელი ძაღლი “მიკი” მოკვდა, ახლა ახალი ძაღლი გვყავს. პაპამ ტრაქტორი იყიდა, რომელსაც უფრო ხშირად არემონტებს, ვიდრე ამუშავებს. კიდევ ფეისბუკზე VPN-ის გარეშე ვერ შევდივართ. დღეს, მაგალითად, “მეგაფონიც” ძალიან ცუდად მუშაობდა, ზოგჯერ საერთოდ გათიშულია.
ახლა ბებიას ჩირის, კომპოტების და ტყემლის მომზადებაში ვეხმარები. ეს სამი წელი შორიდან ვუყურებდი და ვფიქრობდი, როგორ არ ბეზრდებოდათ ამდენი ჩირის გაკეთება, მაგრამ მოსვლისთანავე ჩემი სურვილით შევუერთდი, იმდენად სასიამოვნო პროცესი ყოფილა.
ერთი დღე ძველი ფოტოსურათების თვალიერებას მოვუნდი. ერთად იმ მომენტებს ვიხსენებდით, რაც სურათებზე იყო აღბეჭდილი.
ნაცნობები და მეზობლები ისეთი სიხარულით მხვდებიან, მგონია, ყველას შვილი და შვილიშვილი ვარ. აქ სხვა სახლში ჩამოსული ადამიანიც კი უხარიათ. თუმცა, ჯერ კიდევ სანახავი მყავს ნათესავები, ჩემი სკოლის მასწავლებლები, რომლებიც უკვე მელოდებიან. თბილისში დაბრუნებამდე მოსაგვარებელი მაქვს დოკუმენტების საკითხიც – ახალი საბუთი უნდა ავიღო, რომელიც გადაადგილებისათვის მჭირდება.
ასეთ რეჟიმში თუ იყო გახსნილი – თვეში ათი დღე, ყოველ გახსნაზე ჩამოვალ, მაგრამ მეშინია. ხალხსაც დიდად არ ჯერა ასე რომ იქნება. იმაზე უფრო დარდობენ და საუბრობენ, უფრო არ გართულდეს მიმოსვლაო, ვიდრე იმაზე მაგალითად, რომ ასე დატოვებენ.
დედამ პირობა დამადებინა, როცა გზა გაიხსნებოდა, ერთი თვე არსად წავიდოდი და შემდეგ ყველა საუბრისას მეკითხებოდა, ხომ არ გადავიფიქრე და ხომ ნამდვილად ერთი თვე ვრჩები.
ეხლა გზა ისევ ჩაკეტილია, 20 სექტემბერს გაიხსნება და დროებით ისევ წავალ, მაგრამ დედა ნელ-ნელა უკვე ,,მაპარებს“ – იქნებ, ერთი თვით კიდევ დავრჩე.
ახალგორელებისთვის გზის გახსნა და ჩაკეტვა 2008 წლიდან ჩვენი ცხოვრების განუყოფელი ნაწილი გახდა. ამ გზას ჩვენს ცხოვრებაზე დიდი გავლენა აქვს.
2008 წლის ომის დროს 11 წლის ვიყავი. იმ დღეებიდან ყველაზე ნათლად ტყეში გაქცევა მახსოვს. მთელი უბანი გავიხიზნეთ. მახსოვს იმ დღეს სახლში რაღაცას ვაკეთებდი მძივებით და მერე ვდარდობდი, რომ მძივები მაგიდაზე დამრჩა გაშლილი. ტყიდან მხოლოდ მეორე დილას ჩამოვედით. მე ისევ იმ მძივების კეთებას მივუჯექი, დეიდაჩემის მეგობრისთვის მინდოდა საჩუქრად და გაუაზრებლად ისევ იმის კეთება დავიწყე.
მალევე მამამ თბილისში წამიყვანა. დედა, ბებია და პაპა აქ დარჩნენ. მე კიდევ დიდხანს არ ჩამოვსულვარ ახალგორში.
2014 წელს სტუდენტი გავხდი. იმ პერიოდში გზა ჯერ კიდევ გახსნილი იყო, თუმცა დოკუმენტების პრობლემა უკვე არსებობდა. მე საბუთი არ მქონდა და სკოლის ბოლო თვეს ვეღარ დავბრუნდი. ბოლო ზარის დილას მაინც შემოვედი და თბილისში ეროვნული გამოცდების დაწყებამდე ახალი დოკუმენტის აღებაც მოვასწარი. მაშინ ჩემმა ზოგიერთმა კლასელმა ვერ აიღო საბუთი და დეპორტით გავიდა, რაც რამდენიმე წლით უკან დაბრუნებას კრძალავს, მაგრამ სხვა გზა არ ჰქონდათ, თბილისში ეროვნულები იწყებოდა.