ახალი ამბები

წყალტუბოში ქალი დამწვრობის შედეგად მიღებული დაზიანებებით დაიღუპა – შსს არკვევს რა მოხდა

7 სექტემბერი, 2022 • 696
წყალტუბოში ქალი დამწვრობის შედეგად მიღებული დაზიანებებით დაიღუპა – შსს არკვევს რა მოხდა

წყალტუბოს მუნიციპალიტეტში ახალგაზრდა ქალი ბენზინის აალების შედეგად მიღებული დაზიანებების შედეგად დაიღუპა. ინფორმაცია ამის შესახებ „ნეტგაზეთს“ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროში მიაწოდეს.

უწყებაში გვითხრეს, რომ გუშინ 6 სექტემბერს წყალტუბოში ბენზინის აალების შედეგად ოჯახის ორი წევრი დაშავდა. დაშავებული 1988 წელს დაბადებული ქალი კლინიკაში დღეს გარდაიცვალა. მომხდარზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის ორი მუხლით დაიწყო, 11 პრიმა 116-ე, რაც ოჯახის წევრის მიმართ ჩადენილ გაუფრთხილებლობით სიცოცხლის მოსპობას გულისხმობს და 11 პრიმა 188-ე მუხლით, რაც ასევე ოჯახში ჩადენილ გაუფრთხილებლობით სხვისი ნივთის დაზიანებას ან განადგურებას გულისხმობს.

უწყებაში აცხადებენ, რომ ოჯახიდან წარსულში ძალადობასთან დაკავშირებით შეტყობინება პოლიციაში არ შესულა.

შსს-ის თქმით, მომხდართან დაკავშირებით გამოკითხული არიან ფაქტის შემსწრე ოჯახის წევრები, გრძელდება საპროცესო და საგამოძიებო ღონისძიებები, ჩანიშნულია შესაბამისი ექსპერტიზები.

მასალების გადაბეჭდვის წესი