ახალი ამბები

„წითელი ბარათი უმაღლესი ტრიბუნიდან“ – როგორ გაიგეს პარტიებმა EU-ს შეფასებები

7 სექტემბერი, 2022 • 789
„წითელი ბარათი უმაღლესი ტრიბუნიდან“ –  როგორ გაიგეს პარტიებმა EU-ს შეფასებები

6 სექტმებერს ბრიუსელში საქართველოსა და ევროკავშირს შორის ასოცირების საბჭოს მე-7 სხდომა გაიმართა. სხდომის შემდეგ გავრცელებული განცხადებები კი მმართველი პარტიისა და ოპოზიციის წევრებმა სხვადასხვაგვარად შეაფასეს.

კერძოდ, ასოცირების საბჭოს სხდომის შემდეგ გავრცელებულ განცხადებაში აღნიშნულია, რომ ევროკავშირი მიესალმა საქართველოს პარლამენტში დაწყებულ მუშაობას და მოუწოდა მმართველ პარტიას, რომ სამოქალაქო საზოგადოებისა და საპარლამენტო ოპოზიციური ჯგუფების წარმომადგენლებთან ერთად ჩაერთოს ინკლუზიურ პროცესში.

ამასთან, ევროკავშირმა ქართულ პოლიტიკურ ძალებს მოუწოდა გაერთიანებისკენ, ერთობლივი მუშაობისა და თანამშრომლობისკენ აღნიშნული პრიორიტეტების შესრულების მიზნით, რაც უმნიშვნელოვანეს ამოცანას წარმოადგენს.

განცხადების სწორედ ამ ნაწილზე აპელირებენ „ქართული ოცნების“ წევრები და ამბობენ, რომ „რადიკალურმა ოპოზიციამ უმაღლესი ტრიბუნიდან წითელი ბარათი მიიღო“. პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ანრი ოხანაშვილის განცხადებით, ევროკავშირი 12-პუნქტიანი გეგმის ფარგლებში საპარლამენტო უმრავლესობას, ოპოზიციურ სპექტრს თანაბარ პასუხისმგებლობას აკისრებს.

„ეს ნიშნავს იმას, რომ რადიკალურ ოპოზიციურ ჯგუფებს, რომლებიც მთელი ამ ხნის განმავლობაში უარს ამბობდნენ სამუშაო ჯგუფებში მონაწილეობაზე, კიდევ ერთხელ უჩვენეს წითელი ბარათი, რომ ისინი მოწადინებულნი არ არიან ჩვენი ქვეყნის ევროპული პერსპექტივის და საბოლოოდ ევროკავშირში წევრობის მინიჭებისთვის“, – განაცხადა ოხანაშვილმა.

თუმცა ევროკავშირის შეფასებების იმ ნაწილზე, სადაც ქვეყანაში რამდენიმე საკვანძო სფეროზე, მათ შორის სასამართლო სისტემაზე, შეშფოთებაა გამოთქმული, „ქართული ოცნების“ წევრები კონკრეტიკას ითხოვენ.

„კონკრეტულ შენიშვნას, რა უნდა მოხდეს ქართულ სასამართლოში თუ დაწერს ვინმე, ამაზე ვიმსჯელებთ. იქნებ გვითხრას ვინმემ როგორ შევცვალოთ და ამაზე ვიმსჯელებთ. კონკრეტულს ვერავინ ვერაფერს ამბობს, რა პრობლემა აქვს დღეს კონკრეტული, რისი შეცვლაც ჩვენ კანონით შეგვიძლია“, – განაცხადა ტვ პირველთან „ქართული ოცნების“ წევრმა ბექა დავითულიანმა.

რაც შეეხება ოპოზიციას, პარტია „საქართველოსთვის“ წევრის, ბექა ლილუაშვილის თქმით, ევროკავშირში მკაფიოდ დაფიქსირდა ის არგუმენტები, თუ რამდენად ნეგატიურ როლს თამაშობს როგორც ზოგიერთი ოპოზიციური პარტია, ისე ხელისუფლება კანდიდატის სტატუსის მოპოვების საქმეში.

„ამაში პირველ რიგში იგულისხმება, რა თქმა უნდა, ხელისუფლების პასუხისმგებლობა. პრემიერ-მინისტრს პირდაპირ მიუთითეს იმ შემაშფოთებელ ნაბიჯებზე, რაც გადაიდგა სხვადასხვა მიმართულებით: მედიის, სასამართლოს, დამოუკიდებელი სახელმწიფო ინსტიტუტების და მათზე პოლიტიკური წნეხის მიმართულებით. თქვეს, რომ მხოლოდ განცხადებები არ კმარა და საჭიროა კონკრეტული ნაბიჯები. ოპოზიციას რაც შეეხება, მათ არაერთხელ მოვუწოდეთ, მიეღოთ მონაწილეობა და არ შეექმნათ პარალელური პროცესი, რადგან ეს ხელს მისცემდა ხელისუფლებას და როგორც აღმოჩნდა, ეს გამართლდა და ევროკავშირის წარმომადგენლებმა მათ მოუწოდეს, რომ ეს აზიანებს პროცესს, რაც გასაგებია, რომ „ქართული ოცნების“ პოლიტიკურ მიზნებს ემსახურება“, – განაცხადა ბექა ლილუაშვილმა.

„ლელოს“ წევრი დავით უსუფაშვილის განცხადებით კი ის, რომ პარლამენტში ოპოზიციური პოლიტიკური პარტიები სახელისუფლებო პარტიის პარალელურად მუშაობენ, ნორმალურია.

„პარლამენტში პოლიტიკური ჯგუფები იმისთვის არიან, რომ პარალელურად მუშაობენ და მერე ამ დარბაზში[პარლამენტის] თავიანთი ნამუშევარი მოაქვთ აქ“, – განაცხადა დავით უსუფაშვილმა „იმედთან“.

„სტრატეგია აღმაშენებლის“ წევრი თეონა აქუბარდია ამბობს, რომ ასოცირების საბჭოს დროს გაკეთებული განცხადებები პირდაპირი გზავნილია ხელისუფლებისადმი, რომ ის წინაპირობები, რომელიც საქართველოს წაყენებული აუცილებლად უნდა შესრულდეს კანდიდატის სტატუსის მისაღებად.

„რაც შეეხება [ოპოზიციის] ჩართულობას, რა თქმა უნდა, პოლიტიკურ პროცესებში ჩართულები უნდა ვიყოთ ყველანი, თუმცა ამ ჩართულობის უზრუნველყოფა პირველ რიგში ხელისუფლების პასუხისმგებლობაა“, – განაცხადა ჟურნალისტებთან საუბრისას თეონა აქუბარდიამ.

„ნაციონალური მოძრაობის“ საპარლამენტო ფრაქციის თავმჯდომარე ხატია დეკანოიძე კი აცხადებს, რომ ევროკავშირმა მთელი პასუხისმგებლობა საქართველოს ხელისუფლებას დააკისრა, თუ

კანდიდატის სტატუსს, მთელი პასუხისმგებლობა, სწორედ ამიტომ, ევროკავშირმა საქართველოს ხელისუფლებას დააკისრა იმაზე, თუ რეფორმები არგატარების გამო ქვეყანა კანდიდატის სტატუსს  ვერ მიიღებს.

„საქართველოს ხელისუფლების და უმრავლესობის პასუხისმგებლობაა ის, რომ ყველა ნაბიჯზე, მათ შორის სახალხო დამცველის და  სასამართლოს საკითხებთან მიმართებით ისინი აგდებენ 12-პუნქტიანი გეგმის მნიშნელოვან პრინციპებს. ჩვენი საკანონმდებლო ინიციატივები მზად გვაქვს და მოვუწოდებთ ხელისუფლების წარმომადგენლებს, რომ შეხედონ ამ საკანონმდებლო ინიციატივებს“, – განაცხადა ხატია დეკანოიძემ.


6 სექტემბერს ბრიუსელში გამართული საქართველოსა და ევროკავშირს შორის ასოცირების საბჭოს მე-7 სხდომის შემდეგ განცხადება გავრცელდა, სადაც ქვეყნის ცალკეულ მიღწევებეთან ერთად ის საკითხებიც მოხვდა, რომელიც ევროკავშირში შეშფოთებას იწვევს.

მათ შორისაა: ქვეყანაში გაზრდილი ანტიდასავლური რიტორიკა, პოლიტიკური პოლარიზაციის, ადამიანის უფლებების, მედიის თავისუფლების, კანონის უზენაესობის, სასამართლო სისტემის დამოუკიდებლობის, მიუკერძოებლობისა და ანგარიშვალდებულებისა და კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის გაძლიერების საკითხები.

საქართველოსა და ევროკავშირს შორის ასოცირების საბჭოს მე-7 სხდომას თანათავმჯდომარეობდნენ საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი და ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში ჯოზეფ ბორელი.

გაზრდილი ანტიდასავლური რიტორიკა, ადამიანის უფლებები, სასამართლო დამოუკიდებლობა… – რა განიხილეს ასოცირების საბჭოზე

მასალების გადაბეჭდვის წესი