ახალი ამბები

კალათბურთი: თურქეთი FIBA-ს არ ეთანხმება და გადწყვეტილებას სასამართლოში ასაჩივრებს

7 სექტემბერი, 2022 •
კალათბურთი: თურქეთი FIBA-ს არ ეთანხმება და გადწყვეტილებას სასამართლოში ასაჩივრებს

თურქეთის კალათბურთის ფედერაცია არ ეთანხმება FIBA-ს გადაწყვეტილებას, რომელიც ევრობასკეტზე საქართველოსა და თურქეთის სადავო მატჩს ეხება და შედეგს სპორტის საარბიტრაჟო სასამართლოში (CAS) გაასაჩივრებს, რომელიც ლოზანაში, შვეიცარიაში მდებარეობს. ამ ინფორმციას Eurohoops ავრცელებს.

საქართველოსა და თურქეთის მატჩი, რომელიც თბილისში მასპინძელთა გამარჯვებით დასრულდა, არაერთი სკანდალის მიზეზი გახდა. დარბაზში ერთმანეთს დაუპირისპირდნენ მასპინძელი დუდა სანაძე და თურქი ფორქან ქორქმაზი. თურქული მხარის მტკიცებით, ჩხუბი გაგრძელდა გვირაბში, რომელიც გუნდების გასახდელამდე მიდის. თურქული მხარე ამტკიცებს, რომ ქორქმაზსა და მათ ერთ-ერთ მწვრთნელს თავს დაესხნენ დუდა სანაძე, გოგა ბითაძე და თორნიკე შენგელია, რომელთაც პოლიციელებიც ეხმარებოდნენ.

რაც შეეხება კიდევ ერთ სადავო ეპიზოდს, მსაჯებს მატჩის ბოლოსკენ გარკვეული დრო გაეპარათ, რის შედეგადაც ჯამში გუნდებმა 22 წამით ნაკლები ითამაშეს, რაც თურქული მხარის შეფასებით საკმარისი იყო შედეგის შესაცვლელად.

თურქეთმა ორივე ეპიზოდი FIBA-ში, ევროპული სანაკრებო კალათბურთის მმართველ ორგანოში გაასაჩივრა. FIBA-ს განცხადებით, 22-წამიან შეცდომას ნამდვილად ჰქონდა ადგილი, თუმცა მას შედეგის შეცვლა არ შეეძლო და მატჩის საბოლო რეზულტატი არ შეცვალა. რაც შეეხება დაპირისპირების ეპიზოდს, FIBA გამოძიებას აგრძელებს.

თბილისში ჩამოვიდა თურქეთის კალათბურთის ფედერაციის პრეზიდენტი ჰედო თურქოღლუ, რომელმაც გაკრიტიკა, როგორც FIBA ასევე ქართული მხარე.

“FIBA ყოველდღიურად უფრო ინგრევა სამსაჯო შეცდომებისა და ორგანიზებულობის თვალსაზრისით. განსაკუთრებით თუ ჩვენ შევხედავთ რა ხდება გერმანიასა და საქართველოში, ნათლად ჩანს, რომ FIBA თავის ძალას კარგავს. ეს არის ევროპული კალათბურთის სკანდალი. ასეთი სკანდალების მიღება ადვილი არაა. ჩვენ ვიბრძოლებთ ჩვენი უფლებებისთვის”, – განაცხადა თურქოღლუ.

მისი თქმით, “კითხვის ნიშანი უნდა დაესვას იმას, რომ ისეთი ინსტიტუტი როგორიც ფიბაა, ევრობასკეტის ორგანიზების უფლებას აძლევს მე-3 სამყაროს ქვეყნებს, როგორიც საქართველოა”.

“ის ფაქტი, რომ ისინი სამ მაიმუნს თამაშობენ (არაფერი მესმის, ვერაფერს ვხედავ, ვერაფერს ვამბობ) ჩვენს კალათბურთელზე თავდასხმის შემდეგ გვაკვირვებს და გვამწუხრებს”.

თურქოღლუ ასევე გამოეხმაურა საქართველოს კალათბურთის ფედერაციის განცხადებას, რომელიც თურქული მხარის პროვოკაციებს შეეხებოდა.

“თუ ისინი ფიქრობენ, რომ ეს პროვოკაციაა, რატომ არ უჩვენებენ ჩანაწერებს საზოგადოებას? თუ სითამამე აქვთ, რატომ არ გვიჩვენებენ კამერას, რა მოხდა გასახდელის წინ? შემდეგ ჩვენ დავინახავდით, ვინ იტყუება და ვინ არა”, – განაცხადა თურქოღლუმ.

მომხდარს 5 სექტემბერს გამოეხმაურა საქართველოს კალათბურთის ფედერაცია და FIBA-ს ინციდენტების გამოძიებისაკენ მოუწოდა, ხოლო თურქეთის ნაკრების მწვრთნელი “პროვოკაციებისთვის”, ხოლო ვიცე-პრეზიდენტი “ცილისწამებისთვის” გააკრიტიკა.

ფოტო © eurohoops

აღშფოთებას გამოვთქვამთ ათამანის პროვოკაციული ქმედებების გამო – საქართველოს კალათბურთის ფედერაცია

 

მასალების გადაბეჭდვის წესი