ახალი ამბები

წულუკიანი: დეკანოიძე წარმოადგენს რაღაც ტიპის გაერთიანებას, ხატიასებრთა ოჯახს

6 სექტემბერი, 2022 • 1083
წულუკიანი: დეკანოიძე წარმოადგენს რაღაც ტიპის გაერთიანებას, ხატიასებრთა ოჯახს

„ძალიან ბევრი წელია, ხატია დეკანოიძე წარმოადგენს რაღაცა ტიპის გაერთიანებას, პირობითად თუ დავარქმევთ, ხატიასებრთა ოჯახს, რომლებისთვისაც უცხო ქვეყნები უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე საკუთარი სამშობლო“ – თეა წულუკიანის აღნიშნულ განცხადებას, რომელიც „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთ ლიდერს, ხატია დეკანოიძეს მიემართება, საზოგადოებრივი მაუწყებელი ავრცელებს.

წულუკიანის თქმით, როგორც ჩანს, დეკანოიძეს „არეული აქვს“ რომელ ქვეყანას წარმოადგენს:

„მე, როგორც ყოფილი იუსტიციის მინისტრი, იმასაც კი ვიხსენებ, რომ ხატია დეკანოიძე გახლდათ საქართველოს მოქალაქე, რომელმაც თავისი ბელადის მსგავსად, საკუთარი სამშობლო და მოქალაქეობა უარყო, შევიდა უცხო ქვეყნის ძალოვან სტრუქტურაში უკრაინაში, მიიღო იქაური მოქალაქეობა. როგორც ჩანს, მას დღემდე აღრეული აქვს, ვისი შვილია, რომელია მისი სამშობლო და რომელ ქვეყანას წარმოადგენს“, – ამბობს თეა წულუკიანი საზოგადოებრივი მაუწყებლის მიხედვით.

ასე საქართველოს კულტურის მინისტრი ხატია დეკანოიძის განცხადებას გამოეხმაურა, რომელშიც პოლიტიკოსმა განაცხადა, რომ ბიძინა ივანიშვილის მმართველობა უკრაინის გამარჯვებისთვის დიდი საშიშროებაა.

მასალების გადაბეჭდვის წესი