პარლამენტში საშემოდგომო სესიის გახსნისას განხილვის ერთ-ერთი მთავარი თემა ფეხბურთელი ხვიჩა კვარაცხელია გახდა, რომელიც მიმდინარე სეზონიდან იტალირ ნაპოლიში თამაშობს და 5 მატჩში უკვე 4 გოლი აქვს გატანილი.
საშემოდგომო სესიის პლენარულ სხდომაზე პირველი გამომსვლელი „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე იყო. სწორედ მან დაუთმო დრო საკანონმდებლო ორგანოში ხვიჩა კვარაცხელიაზე საუბარს და ოპონენტები სპორტში პოლიტიკის შემოტანაში დაადანაშაულა.
კობახიძის მტკიცებით, ოპოზიციას ქართული სპორტის წარმატება ისევე სწყინს და არ უხარია, როგორც ნებისმიერ სხვა სფეროში ქვეყნის წარმატება.
„ხვიჩა კვარაცხელიასაც კი დაუპირისპირდნენ, რომელსაც ჩვენი ქვეყნის სახელი არამხოლოდ იტალიაში, არამედ მთელი მსოფლიოს მასშტაბით გააქვს ძალიან ღირსეულად. „ნაციონალებმა“ სპორტის სახეობა არ დატოვეს, რომ ყველაზე წარმატებულ სპორტსმენებს არ დაპირისპირებოდნენ, ყველას გვახსოვს თავდასხმები ლაშა ტალახაძეზე, რომელმაც 2 ოლიმპიადა მოიგო და განსაკუთრებული სიამაყის საგანია. გვახსოვს სამარცხვინო კამპანია თორნიკე შენგელიას წინააღმდეგ.
ამ ყველაფრის კულმინაცია იყო ხვიჩა კვარაცხელიაზე თავდასხმა „ნაციონალების“ ცნობილი სახეების შესრულებით. ყველას გვესმის, რომ ვახო სანაია და მიშა მშვილდაძე ხვიჩაზე მაგარი თავდამსხმელები ვერასდროს გახდებიან და მათი ნებისმიერი მცდელობა ჩრდილი მიაყენონ ჩვენი სპორტსმენების გამარჯვებებს, წარუმატებლობისთვის არის განწირული. ამ ადამიანების ერთობლიობას, რადიკალურ ოპოზიციას ორგანულად აღიზიანებს და აშფოთებს ნებისმიერი წარმატება, რომელსაც საქართველო აღწევს“, – განაცხადა კობახიძემ.
კობახიძის ამ განცხადებას საშემოდგომო სესიის პლენარულ სხდომაზევე უპასუხა „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა ანი წითლიძემ. მისი თქმით, კობახიძისგან მსგავსი განცხადება გასაკვირი არ არის.
„კიდევ ერთი ძალიან დიდი სიბინძურე იკადრა ბატონმა კობახიძემ ხვიჩა კვარაცხელიასთან დაკავშირებით, მაგრამ ბატონი კობახიძის ცხოვრების კრედო ბოღმა და სიძულვილია და ამიტომაც არ მიკვირს. უბრალოდ, ცალსახადა აღვნიშნავ, რომ ხვიჩა კვარაცხელია არის სამეგრელოს და სრულიად საქართველოს საამაყო შვილი და ჩვენ ყველა ვამაყობთ მისი წარმატებით“, – განაცხადა წითლიძემ.
