ახალი ამბები

საქართველოს პრეზიდენტის და Freedom House-ის შეხედულებები ქართულ მედიაზე

30 აპრილი, 2010 • • 1254
საქართველოს პრეზიდენტის და Freedom House-ის შეხედულებები ქართულ მედიაზე

საქართველოში მედია კვლავ ნაწილობრივ თავისუფალია–ნათქვამია freedom house-ის ანგარიშში, რომელიც 2009 წლის პერიოდს მოიცავს.

წინა წლისგან  განსხვავებით საქართველო ორი ადგილით დაწინაურდა და 126-ე ადგილზეა. 

ანგარიშში მსოფლიოს 196 ქვეყანა მოხვდა და 0-დან 100 ქულამდე კრიტერიუმით  შეფასდა.  შეფასების სისტემა  სამი მაჩვენებლით საკანონმდებლო, პოლიტიკური და ეკონომიკური  გარემოთი განისაზღვრა.  

მსოფლიოს 69 ქვეყანაში მედია თავისუფალია, 64 ქვეყანაში-ნაწილობრივ თავისუფალი, ხოლო 63 ქვეყანაში მედიის თავისუფლება მთლიანად შეზღუდულია.  

მედიის  თავისუფლების თვალსაზრისით საქართველომ 59 ქულა დააგროვა.  

ანგარიშის გამოქვეყნებამდე სამი დღით ადრე, საქართველოს პრეზიდენტმა  ლოს ანჯელესში, მილკენის უნივერსიტეტში, განაცხადა, რომ პრესის თავისუფლების  შეზღუდვასთან დაკავშირებული პრეტენზიები სისულელეა.  

«ეს ბრალდებები ძირითადად გულუბრყვილო  უცხოელებისთვის კეთდება. ეს არის კლიშე, რომელიც კარგად საღდება«,- განაცხადა  მიხეილ სააკაშვილმა.  

სააკაშვილმა დაადასტურა მთავრობისადმი «სიმპათიით» განწყობილი ტელეარხების არსებობა, თუმცა მათთან ერთად მთავრობის მოწინააღმდეგე არხებიც გაიხსენა.  

«იმ ტელევიზიებს, რომლებიც სიმპათიით არიან  მთავრობისადმი განწყობილი  ეს (სიმპათია) მათ იმაზე  ნაკლებად ახასიათებთ, ვიდრე CNN-ს აშშ-ს დემოკრატიული პარტიისადმი სიმპათიით განწყობა. საქართველოში ტაბუირებული თემები არ არსებობს»,- განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა. 

რაც შეეხება თავად აშშ-ს, საქართველოსგან განსხვავებით  ანგარიშში 24 -ე ადგილზეა და თავისუფალი მედიის მქონე ქვეყნად მიიჩნევა.  

პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ ბეჭდური მედიის 95% საქართველოში მთავრობის  საწინააღმდეგოდ არის განწყობილი. ხოლო, საქართველოს საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს ნახევარი ოპოზიციის  წარმომადგენლებით არის დაკომპლექტებული.  

პრეზიდენტმა განაცხადა, რომ საზოგადოებრივი მაუწყებლის რეიტინგი 3% არის და ამის მიზეზი «ჟურნალისტური სტანდარტების დაბალი ხარისხია.»

მასალების გადაბეჭდვის წესი