პარიზის უნივერსიტეტის მეცნიერებათა პროფესორ ნიკოლას ტენზერის შეფასებით, დასავლეთი საკმარისად არ ეხმარება უკრაინას.

„ჩვენ არ ვეკიდებით სერიოზულად უკრაინის მხარდაჭერას. ვლაპარაკობთ სოლიდარობაზე, მაგრამ დავუშვით ასობით, ათასობით ადამიანის მოკვლა რუსეთის შეიარაღებული ძალების მიერ“, — თქვა ტენზერმა თბილისის მე-6 საერთაშორისო კონფერენციაზე.

მაკკეინის ინსტიტუტის საერთაშორისო ლიდერობისთვის, ჯორჯ ბუშის ინსტიტუტისა და ეკონომიკური პოლიტიკის კვლევის ცენტრის ორგანიზებული წლევანდელი კონფერენციის სახელწოდებაა „დიდება უკრაინას!“

კონფერენციაზე უკრაინის ომის შედეგად შექმნილ ახალ პოლიტიკურ და უსაფრთხოების რეალობაზე, თანამედროვე დემოკრატიის წინაშე მდგარ საფრთხეებზე, ევროპული უსაფრთხოების მომავალზე მსჯელობენ.

„ჩვენ არაფერი გავაკეთეთ მარიუპოლის, ბუჩას, ირპენის პრევენციისთვის. ჩვენ რეალურად არ ვიცავთ უკრაინელების სიცოცხლეს. ეს ეხება არა მარტო ევროპას, არამედ აშშ-საც. ჩვენ არ ვაწვდით საკმარის შეიარაღებას — ტანკებს, თვითმფრინავებს, შორი მოქმედების რაკეტებს. აქ არ უნდა იყოს არანაირი თავშეკავება და ლიმიტები. თუ უკრაინის დახმარება გვინდა, ძალიან პირდაპირი უნდა ვიყოთ. დრო ძალიან მნიშვნელოვანია. ყოველი დღე ნიშნავს ათეულობით, ასეულობით, ათასობით სიცოცხლეს“, — თქვა ტენზერმა.

ტენზერის აზრით, მეტი უნდა ვისაუბროთ პუტინის რეჟიმის მიერ ჩადენილ სამხედრო დანაშაულზე და გენოციდზე, ხოლო რუსეთის პრეზიდენტმა პასუხი უნდა აგოს სამართლებრივად.

„ჩვენ უნდა ვაიძულოთ რუსეთი, წააგოს ეს ომი. არა მარტო წააგოს ეს ომი, არამედ წააგოს რადიკალურად, ტოტალურად. რეჟიმის შეცვლის საკითხზე, ასევე, არ უნდა იყოს ტაბუ თავად რუსი მოქალაქეების გულისთვისაც“, — განაცხადა მან.

ტენზერი მიუღებლად მიიჩნევს ზოგიერთი დასავლელი ლიდერის დამოკიდებულებას რუსეთთან ურთიერთობების შენარჩუნების შესახებ.

„მე მაინტერესებს, ეს ლიდერები ჩამოართმევდნენ ხელს ოსამა ბინ ლადენს ან აბუ ბაქრ ალ-ბაღდადის? პუტინმა მოკლა გაცილებით მეტი ადამიანი, ვიდრე ალ ქაიდას და ISIS-ის ლიდერებმა“, — თქვამ მან.

ნიკოლაზ ტენზერმა, ასევე, ისაუბრა უკრაინის ევროინტეგრაციის პერსპექტივაზე. თქვა, რომ უკრაინა არის ევროპის მომავალი ლიდერი და EU-ში მისი გაწევრიანება საჩუქარი იქნება არა უკრაინისთვის, არამედ — ევროკავშირისთვის.