სპორტის სასახლის დირექტორის მოადგილე მიშა ეძგვერაძე აცხადებს, რომ შენობას უსაფრთხოებასთან დაკავშირებული პრობლემები შეექმნა და მაქსიმ გალკინისა და “მაშინა ვრემენის” კონცერტები სწორედ ამის გამო გაუქმდა.
დღეს ბილეთების ონლაინ მაღაზიამ: Biletebi.ge – გაავრცელა განცხადება, რომლის თანახმადაც მაქსიმ გალკინისა და რუსული როკ-ჯგუფის „მაშინა ვრემენის“ კონცერტი პოლიტიკური მოტივების გამო გაუქმდა. ეს ორივე კონცერტი სპორტის სასახლეში უნდა გამართულიყო.
განცხადებაში კომპანია ვარაუდობს, რომ არტისტების არშემოშვება შესაძლოა, „რუსეთის არგაღიზიანებასაც“ უკავშირებოდეს.
ორივე არტისტი რუსეთის უკრაინაში შეჭრის შემდეგ ღიად გამოხატავდა უკრაინის მხარდაჭერას და აკრიტიკებდა რუსეთის ხელისუფლებას.
სპორტის სასახლეში ნეტგაზეთს დაუდასტურეს რომ ეს ღონისძიებები ნამდვილად გაუქმებულია, თუმცა მიზეზი ვენტილაციასთან დაკავშირებული პრობლემებია, რომელიც შეკეთებას საჭიროებს. მიშა ეძგვერაძე ამბობს, რომ ამ კუთხით პრობლემა სპორტის სასახლეს ადრეც ჰქონდა, თუმცა ამჟამად უფრო მძაფრად დადგა და მოითხოვა გადაუდებელი რემონტი.
„დაუჯერებელია, რომ კერძო ორგანიზაცია თავისი ინიციატივით უარს ამბობს შემოსავალზე და მიდის ასეთ რეპუტაციულ ზიანზე.
ცხადია, ეს მოხდა პოლიტიკური კონტექსტით. აკრძალეს არტისტები (მაკარევიჩი, გალკინი), რომლებიც ღიად უჭერენ მხარს უკრაინას და რომელთაც მხარს უჭერენ უკრაინელები. გადახედეთ კომენტარებს არტისტების მომართვებზე.
თუმცა მოტივაცია მაინც ბოლომდე გაუგებარია. თუ გვეშინია კერძო კომპანიის მიერ რუსეთის ოპოზიციური არტისტების შემოშვება, რათა რუსეთში ვინმე არ გააღიზიანდეს, რა იქნება შემდეგი ნაბიჯი? ფეისბუქსაც ავკრძალავთ?“ – წერია biletebi.ge-ს განცხადებაში.
Biletebi.ge ამასთანავე წერს, რომ ეს არის „საკონტროლო გასროლა“ ინდუსტრიის მიმართულებითაც.
„ამ 3 გაუქმებულ კონცერტს მოყვება (მოყვა) მრავალი სხვაც, რადგან აღარავინ გარისკავს ასეთ გარემოში ისედაც სარისკო ლოგისტიკაში ფულის ჩადებას. დღეს დღეისობით არტისტების 70%, ვისი ჩამოყვანაც შეიძლება იყოს კომერციულად მომგებიანი (არა სახ. დაფინანსებით, რაც საბოლოოდ კორუფციის სახეს იძენს) არის პოსტ-საბჭოთა ქვეყნებიდან. ბევრს ეს არ მოსწონს – გასაგებია. დროთა განმავლობაში გავალთ დასავლურ არტისტებზეც, თუმცა ამისთვის საჭიროა არ გავაკოტროთ და მივცეთ განვითარების საშუალება იმათ, ვინც ამ სფეროში მუშაობს.
მოკლედ, გვჭირდება ზუსტი თამაშის წესები, რომ არ ვიყოთ დამოკიდებული ჩინოვნიკების კულუარულ აკრძალვებზე, თან ყველაზე კრიტიკულ მომენტებში მაქსიმალური ზარალის მიყენებით. გვჯერა, რომ სახელმწიფო უნდა გვეხმარებოდეს და არ გვმტრობდეს,“
