ახალი ამბები

მერია განმარტავს, რატომ ხარჯავს ორდღიან „თბილისობაში“ 3 მილიონ ლარზე მეტს

1 სექტემბერი, 2022 • 688
მერია განმარტავს, რატომ ხარჯავს ორდღიან „თბილისობაში“ 3 მილიონ ლარზე მეტს

თბილისის მერია წელს „თბილისობის“ ორდღიან ღონისძიებაზე 3 050 000 ლარის დახარჯვას გეგმავს. შესაბამისი დოკუმენტაცია სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს ელექტრონულ პორტალზე უკვე გამოქვეყნებულია.

ფასთან დაკავშირებით კალაძე ამბობს, რომ თბილისელები იმსახურებენ მასშტაბურ დღესასწაულს.

„თბილისობა“ წელს 1-2 ოქტომბერს გაიმართება.

რას აპირებს მერია

„თბილისობა“ წელს რამდენიმე ტერიტორიაზე – განახლებულ ორბელიანისა და გუდიაშვილის მოედნებზე, ლეღვთახევში და რიყის პარკში გაიმართება. მერია აპირებს, რომ ამ ტერიტორიებზე სპეციალური სივრცეები მოაწყონ, სადაც „სხვადასხვა სახის აქტივობა, ღონისძიება და კონცერტი გაიმართება, რომელიც ყველა ასაკობრივი კატეგორიის გათვალისწინებითაა დაგეგმილი,“.

„ლოკაციებზე განთავსდება მრავალფეროვანი დეკორაციები და ინსტალაციები: თბილისის დამეგობრებული და პარტნიორი ქალაქების პავილიონები, სტენდი “თბილისის განვითარების ისტორია”, სცენის დეკორაციები, მოცულობითი თაღი, მოცულობითი ლოგო – “თბილისობა 2022”, ინსტალაცია – “საპატიო თბილისელები”, მოსასვენებელი სივრცეები, კაფე “ქიმერიონი”, ინსტალაცია – “მთაწმინდის მთვარე”, ინსტალაცია – “მოცულობითი გაზეთი” და სხვა. ორბელიანის მოედნის მიმდებარე ტერიტორიაზე მოეწყობა “თბილისური უბანი ათონელზე”, რომელიც ულამაზესი ყვავილებით და შემოდგომის ნობათით განსაკუთრებულ განწყობას შეუქმნის იქ მისულ სტუმრებს.

რიყის პარკში გასტრონომიისა და ტკბილეულის ფესტივალი გაიმართება. წარმოდგენილი იქნება საბავშვო გასართობ-შემეცნებითი სივრცეები, ღია კინოთეატრი კულტურული და სპორტული აქტივობები, თემატური ინსტალაციები. განთავსდება დეკორირებული სცენა, რომელზეც ორი დღის განმავლობაში საბავშვო ანსამბლების და ბენდების კონცერტები ჩატარდება,“ – წერია დოკუმენტაციაში, რომელიც მერიამ შესყიდვას მიუბა.

დაგეგმილი 3 050 000 ლარიდან ყველაზე დიდი წილი — 2 190 000 ლარი კონცერტებსა და წარმოდგენებში დაიხარჯება. უფრო კონკრეტულად, თანხები გადანაწილდება ასე:

სქრინი კახა კალაძის ბრძანებიდან.

კითხვაზე, რატომ ყიდულობს ამ სერვისს მერია დაჩქარებულად და რატომ ვერ იქნებოდა ეს შესყიდვა წინასწარ დაგეგმილი, მერია საავტორო უფლებებს ასახელებს.

კერძოდ კი ამბობს, რომ ღონისძიების სპეციფიკიდან გამომდინარე, დაგეგმილ აქტივობათა უმრავლესობა საავტორო ნამუშევრებს წარმოადგენს.

„ამასთან, ზემოაღნიშნული აქტივობების მიმდინარეობის პარალელურად, იკვეთება კვალიფიციურ შემსრულებლებთან თანამშრომლობის საკითხები, რაც, თავის მხრივ, დროში შეზღუდვას იწვევს. ღონისძიებაში ჩართულები არიან სხვადასხვა შემსრულებლები, გასათვალისწინებელია და მხედველობაში მისაღებია თითოეული მათგანის საჭიროებები და სხვა მრავალი ფაქტორი, რათა მათ შეძლონ ღონისძიებაში მონაწილეობის მიღება,“ — აცხადებს თბილისის მერია.

შესყიდვის დოკუმენტაციაში ასევე აღნიშნულია, რომ ინსტალაციების მონტაჟი 28 სექტემბერს დაიწყება და 5 ოქტომბერს დასრულდება.

კალაძის განმარტება

3-მილიონიანი გამარტივებული შესყიდვა უკვე გააკრიტიკა ოპოზიციამ. მისი წარმომადგენლები უთითებენ, რომ ტენდერის გვერდით ავლით და დაჩქარებულად ამგვარი ღონისძიებები არ უნდა იგეგმებოდეს, მით უფრო, როდესაც საქმე დიდ თანხას ეხება.

„უპირველეს ყოვლისა, მერია უნდა გამოვიდეს და განმარტოს, თუ რატომ ხდება ტენდერის გვერდის ავლით საზეიმო ღონისძიებების მომსახურების შეძენა,“ – თქვა „ლელოს“ წევრმა საბა ბუაძემ „ტვ პირველთან“ საუბრისას.

კრიტიკის პასუხად დღეს, 1 სექტემბერს, „თბილისობაზე“ ისაუბრა თავად კალაძემ. მან თქვა, რომ „თბილისობა“ ქალაქის „ტრადიცია და ცხოვრების ნაწილია“.

„იყო გარკვეული შეფერხება პანდემიის გამო, თუმცა წელს გვაქვს შესაძლებლობა, ოქტომბრის პირველ უქმეებზე, 1-2 ოქტომბერს ჩავატაროთ შესაბამისი ღონისძიებები. „თბილისობა“ იქნება ბევრად მასშტაბური და დატვირთული უამრავი სადღესასწაულო პროგრამით,“ – თქვა კალაძემ.

რაც შეეხება კრიტიკას, კალაძემ ეს ყველაფერი „ნაციონალურ მოძრაობასა“ და „მის სატელიტ მედიასაშუალებებს“ დაუკავშირა.

„მათზე ყურადღების გამახვილებაც კი არ ღირს. რასაკვირველია, ასეთ მასშტაბურ ღონისძიებას სჭირდება თანხები და ასევე ყველასთვის გასაგებია, რომ როდესაც საუბარი გვაქვს კონცერტებზე და შემოქმედებით ღონისძიებებზე, მასზე წინასწარ ტენდერის გამოცხადება არის შეუძლებელი. ეს აჟიოტაჟი „ნაციონალური მოძრაობის“ ტელევიზიების მხრიდან ყოველწლიური თანმდევი პროცესია ყველა ტიპის სადღესასწაულო ღონისძიების, რომელსაც მუნიციპალიტეტი აკეთებს,“ — თქვა თბილისის მერმა.

მასალების გადაბეჭდვის წესი