საზოგადოებრივი მაუწყებელი მის საკუთრებაში არსებულ უძრავ ქონებას აუქციონზე კვლავ ყიდის, საწყისი ფასი კი 65 მილიონი ლარია. ამის შესახებ ინფორმაცია ტელეკომპანიამ დღეს, 1 სექტემბერს გაავრცელა.

არხის ცნობით, აუქციონზე გატანილია 33 209 კვადრატული მეტრი მიწის ნაკვეთი და 23 649 კვადრატული მეტრი შენობა-ნაგებობა. აუქციონში მონაწილეობა კი დაინტერესებულ მხარეებს მიმდინარე წლის 30 სექტემბრის ჩათვლით, 12:00 საათამდე შეეძლებათ.

თავდაპირველად ტელეკომპანია კოსტავას 68-ში მდებარე შენობის გაყიდვას 40 მლნ აშშ დოლარად ცდილობდა. მას შემდეგ, რაც მყიდველი არ გამოჩნდა, მაუწყებელმა ქონება რამდენჯერმე გააიაფა:

  • პირველი აუქციონი 40 მლნ დოლარის (ეკვივალენტი ლარში) საწყისი ღირებულებით 2020 წლის 16 ივნისს 1-თვიანი ვადით გამოცხადდა, თუმცა დაინტერესებული მხარე არ აღმოჩნდა და აუქციონი არ შედგა;
  • საზოგადოებრივი მაუწყებლის მენეჯმენტმა განმეორებით აუქციონზე ქონება 10%-იანი ფასდაკლებით, 36 მლნ დოლარად გამოიტანა, მაგრამ აუქციონი კვლავ არ შედგა;
  • უძრავი ქონება ფასდაკლების მორიგი 10%-იანი ბიჯით, 32.4 მლნ დოლარად მესამედ იქნა გამოტანილი აუქციონზე
  • შემდეგ კი 24 მლნ დოლარად გაიტანეს შენობა აუქციონზე, თუმცა მყიდველი არც ამჯერად გამოჩნდა;

ამჯერად ტელეკომპანიის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების საწყისი ფასი დაახლოებით 22.5 მილიონი აშშ დოლარს უტოლდება.