ახალი ამბები

2020-ის 18 აგვისტომდე დარღვევებით აშენებულ შენობებს ექსპლუატაციაში მიიღებენ

1 სექტემბერი, 2022 • 780
2020-ის 18 აგვისტომდე დარღვევებით აშენებულ შენობებს ექსპლუატაციაში მიიღებენ

თბილისის მერის, კახა კალაძის განცხადებით, საკანონმდებლო ცვლილებების თანახმად, მშენებლობადამთავრებული ობიექტების, გარკვეული პირობებით, ექსპლუატაციაში მიღება ხდება შესაძლებელი.

როგორც კალაძემ განმარტა, ცვლილებების თანახმად, შესაძლებელი გახდა ექსპლუატაციაში ისეთი შენობა-ნაგებობების მიღება, რომლებიც 2020 წლის 18 აგვისტოს მდგომარეობით უკვე დასრულებულია და ამავე დროს ნაწარმოებია სანებართვო პირობების დარღვევით.

მისივე განცხადებით, ექსპლუატაციაში მიიღება მხოლოდ ისეთი შენობა-ნაგებობები, რომლებიც შესაბამისი საექსპერტო დასკვნების მიხედვით აკმაყოფილებენ უსაფრთხოების სტანდარტებს.

„როგორც იცით, დედაქალაქის ერთ-ერთ უდიდეს პრობლემას და გამოწვევას წარმოადგენდა მშენებლობადამთავრებული ობიექტები, რომლებიც ექსპლუატაციაში არ იყო მიღებულები დღემდე. სამწუხაროდ, ათწლეულების განმავლობაში ცხოვრობდნენ ადამიანები ასეთ კორპუსებში. ამის მიზეზი კი გახლდათ სამშენებლო კომპანიების/მშენებლების მიერ მშენებლობების წარმოება კანონმდებლობის დარღვევით, რათა მათ მეტი სარგებელი მიეღოთ.

ამ პროცესით კი საბოლოოდ მხოლოდ იქ მცხოვრები ადამიანები ზარალდებოდნენ, რადგან „მშენებარე ობიექტის“ სტატუსის მქონე მათი ქონება არ ქმნის საკუთრების სრულფასოვნებას და უფლებრივად არის ყოველთვის ნაკლიანი. ასევე, ექსპლუატაციაში მიუღებლობის გამო მობინადრეები ვერ ქმნიან ამხანაგობებს და ვერ სარგებლობენ მუნიციპალიტეტში არსებული „ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების განვითარების ხელშეწყობის პროგრამით“, — აცხადებს კალაძე.

მუნიციპალიტეტის განმარტებით, საუბარია ისეთ მშენებლობებზე, რომლის დროსაც დარღვეულია, მაგალითად – „K1, K2, K3 პარამეტრები ავტოსადგომების რაოდენობა, სიმაღლის რეგულირების ხაზი და ა.შ.“

„კანონის მიხედვით, ასეთი შენობების ექსპლუატაციაში მიღების მიზნით, მერიისათვის განცხადებით მიმართვის ვადად განისაზღვრა 2 წელი. უნდა აღინიშნოს რომ განცხადებების მიღების ვადის ერთი წელი უკვე გავიდა ივლისის ბოლოს, ამ დროისათვის მერიას მომართა 667-მა პირმა და დღეის მდგომარეობით, უკვე 167 ობიექტი იქნა მიღებული ექსპლუატაციაში. მიმდინარეობს რამდენიმე ასეული განცხადების განხილვა.

შესაბამისად, კიდევ ერთხელ მოვუწოდებთ იმ პირებს, რომლებიც ცხოვრობენ ექსპლუატაციაში მიუღებელ კორპუსებში, მოამზადონ შესაბამისი დოკუმენტაცია და მიმართონ მერიას. ამისთვის კიდევ არის დრო და გამოიყენეთ ეს შესაძლებლობა და რა თქმა უნდა, ჩვენი მხრიდან იქნება მაქსიმალური მხარდაჭერა“, – აღნიშნა დედაქალაქის მერმა.

მასალების გადაბეჭდვის წესი