ოკუპირებულ ხერსონში რუს სამხედრო მოსამსახურეებს შორის მომხდარი დაპირისპირების შედეგად 3 ჯარისკაცი მოკლეს და 2 დაჭრეს. ინფორმაციას Yahoo News ავრცელებს რუსეთის საგამოძიებო კომიტეტის შიდა დოკუმენტებზე დაყრდნობით, თუმცა ამ მონაცემების ავთენტურობა სხვა წყაროებით ამ ეტაპზე დადასტურებული არაა.
Yahoo News-ის თანახმად, რუსეთში იძიებენ ინციდენტს, რომელიც ხერსონში 19 ივნისს მოხდა უშაკოვას გამზირზე მდებარე რესტორნაში. FSB-ს რამდენიმე ოფიცერი (იგორ იაკუბინსკი, სერგეი პრივალოვი, დ.ა ბოროდინი და მეოთხე, რომლის სახელი და გვარი უცნობია) დაწესებულებაში შევიდა, ამ დროს იქ ორი კონტრაქტორი ჯარისკაცი, სერჟანტი სერგეი ობუხოვი და უმცროსი სერჟანტი იგორ სუდინი ალკოჰოლს მიირთმევდა. ორივე მათგანი საარტილერიო დანაყოფში მსახურობდა.
FSB-ს ოფიცრებმა სერჟანტებს შენიშვნა მისცეს იმის გამო, რომ ისინი სამხედრო ფორმაში ალკოჰოლს სვამდნენ, რასაც მხარეებს შორის დაპირისპირება მოჰყვა, რომელიც სროლაში გადაიზარდა.
მომხდარის შედეგად 3 მათგანი დაიღუპა, დაიჭრა – ორი.
რუსულმა გამოცემა “მედუზამ” Yahoo News-ის მიერ დასახელებული სამხედროების გარდაცვალების შესახებ ცნობები ღია წყაროებით გადაამოწმა და აღმოაჩინა, რომ სერგეი ობუხოვი და პრივალოვი ნამდვილად დაიღუპნენ უკრაინაში. ობუხოვზე ერთ-ერთი რუსული ვებგვერდი წერს, რომ “ის ალყაში მოქცეული თანამებრძოლის გადარჩენას ცდილობდა, რა დროსაც დაიღუპა”. რაც შეეხება პრივალოვს, მის შესახებ კამჩატკის “ვესტი” იუწყება, რომ სამხედრო ვალის მოხდისას დაიღუპა”.

ივნისში დაახლოებით იმავე პერიოდში მსგავსი ინციდენტის შესახებ უკრაინული წყაროებიც იუწყებოდნენ, თუმცა მათ თანახმად რუსი სამხედროები პარტიზანებმა მოკლეს.
