ახალი ამბები

გირაოთი გამოუშვეს პოლიციელი, რომელიც მოქალაქის ცემისთვის დააკავეს

31 აგვისტო, 2022 • 1353
გირაოთი გამოუშვეს პოლიციელი, რომელიც მოქალაქის ცემისთვის დააკავეს

თავისუფალია პოლიციელი დავით შ, რომელიც მოქალაქის ცემისა და თავში ხელბორკილის ჩარტყმისთვის დააკავეს. ის 10 100 ლარი გირაოს საფუძველზე გაათავისუფლა ბათუმის საქალაქო სასამართლომ.

პოლიციელის დაკავების შესახებ სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა ინფორმაცია დღეს, 31 აგვისტოს, გაავრცელა. გამოძიების ინფორმაციით, მოქალაქეს პატრულ-ინსპექტორმა პოლიციის მანქანაში სცემა და თავში ხელბორკილი ჩაარტყა. ეს შემთხვევა 31 ივლისს მოხდა.

პოლიციელი 28 აგვისტოს დააკავეს და მისი აღკვეთი ღონისძიების შესახებ ბათუმის საქალაქო სასამართლოში მოსამართლე ლევან ყოლბაიამ 29 აგვისტოს იმსჯელა. მან ბრალდებული პოლიციელი გირაოს საფუძველზე გაათავისუფლა. პოლიციელის დაკავების შესახებ ინფორმაცია სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა პოლიციელის დაკავებიდან 3 დღის შემდეგ გაავრცელა.

ამ უწყების პრესცენტრის განმარტებით, ისინი პერიოდულად აქვეყნებენ სამართლებრივი რეაგირების შესახებ ინფორმაციას და არა ბრალდებული პირის დაკავებისთანავე.

ადვოკატ პაატა ბოლქვაძის ინფორმაციით, ბრალდებულმა პოლიციელმა გირაო უკვე გადაიხადა და ის თავისუფალია. უცნობია, თუ აგრძელებს საქმიანობას პოლიციაში პოლიციელი, ვისაც ბრალად ედება სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტება ძალადობით. ამ ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტროდან მიღებისთანავე აქვე შემოგთავაზებთ.

ადვოკატ პაატა შავაძის თქმით კი, რომელიც ამ საქმეში დაზარალებული კაცის ინტერესებს იცავდა, თავად დაზარალებული კაცი ითხოვდა, ბრალდებული პოლიციელის მიმართ მაქსიმალურად მსუბუქი აღკვეთი ღონისძიების ფორმა შეერჩია სასამართლოს. ადვოკატმა ასევე გვითხრა, რომ ბრალდებულს სხეულზე სხვადასხვა სახის დაზიანება აქვს და ეს ექსპერტიზამ დასკვნით უკვე დაადასტურა.

მასალების გადაბეჭდვის წესი