ახალი ამბებისაზოგადოებასამხრეთ კავკასიის ამბები

ფარგანა – აზერბაიჯანელი არტივისტი პატრიარქატის წინააღმდეგ

31 ივლისი, 2022 • 2309
ფარგანა – აზერბაიჯანელი არტივისტი პატრიარქატის წინააღმდეგ

ავტორი: ნიკა მუსავი


აზერბაიჯანული ფემინისტური მოძრაობის მონაწილე ფარგანა აბდულა საკუთარ თავს არა აქტივისტს, არამედ არტივისტს უწოდებს იმის აღსანიშნად, რომ აზერბაიჯანში პატრიარქატისა და სხვა უსამართლობების წინააღმდეგ პროტესტს ხელოვნებით გამოხატავს.

24 წლის მომღერალი და მსახიობი აზერბაიჯანის ფართო პუბლიკისთვის [ყოველშემთხვევაში, მისი ოპოზიციურად განწყობილი ნაწილისთვის] 2022 წლის იანვარში გახდა ცნობილი, როდესაც მისი სიმღერის «Bir ölkəm olsa» [ქვეყანა რომ მქონოდა] მუსიკალური კლიპი გამოვიდა.

“ფემინისტურ მოძრაობაში, პირველ რიგში, საკუთარი თავისთვის, საკუთარი სინდისისთვის ჩავერთე. ჩემთვის მნიშვნლოვანია, არ იჯდე უბრალოდ და წუწუნებდე აზერბაიჯანში არსებულ გენდერულ პრობლემებზე. მოქმედების ნაწილი უნდა გახდე, რამე გააკეთო”.

“ჩემი საკუთარი ქვეყანა რომ მქონოდა”

ფარგანამ სიმღერა “ჩემი საკუთარი ქვეყანა რომ მქონოდა” ახალგაზრდა აზერბაიჯნელი აქტივისტის და  ყოფილი პოლიტპატიმრის ბაირამ მამედოვის სიკვდილის შემდეგ შექმნა. ბაირამი 2021 წლის  მაისში თურქეთში გაურკვეველ ვითარებაში წყალში დაიხრჩო.

“აზერბაიჯანში მიმდინარე პროცესების შემყურე, ვფიქრობდი ხოლმე იმაზე, რა კარგი იქნებოდა, მქონოდა ცალკე ქვეყანა, სადაც ყველა იმ ადამიანს წავიყვანდი თან, ვინც რაღაცის შესაცვლელად იბრძვის… ბაირამის სიკვდილის შემდეგ ამ ფიქრებს საბოლოო ფორმა მიეცა. დავწერე სიმღერა, ვიმღერე, ჩემი შესრულების ვიდეო გადავიღე და ინტერნეტში გამოვაქვეყნე. ვერ ვიფიქრებდი, რომ მსმენელები მასში მეტაფორულ გზავნილს დაინახავდნენ და მას წარმატება ექნებოდა”.

სიმღერის კლიპი სოციალურ ქსელებში სწრაფად გავრცელდა. მალე ფარგანას ადგილობრივი ხმის რეჟისორი დაუკავშირდა და სიმღერის სტუდიაში ჩაწერა შეთავაზა.

“მოგვიანებით კი მეგობრმა ოპერატორმა კლიპის გადაღება შემომთავაზა. 2021 წლის დეკემბერში გადავიღეთ. ფული არაფერში გადამიხდია. მთელი ეს პროცესი 100 მანათი [დაახლოებით, 60$] დამიჯდა, ისიც კამერის დასაქირავებლად. მთელ ამ პროცესში ყველაზე რთული იყო დამეძლია სიმორცხვე და კამერის წინ დავმდგარიყავი. ეს ძალიან დამეხმარა იმაში, რომ საკუთარი თავის მერწმუნა”.

“როგორც ქალი”

მეორე სიმღერა «Qadın kimi» ფარგანამ 2019 წელს, ასევე “უსიამოვნო გამოცდილების” შემდეგ დაწერა. ამჯერად “ბოლო წვეთი” , როგორც ამბობს, ფემიციდის წინააღმდეგ ბაქოში გამართული საპროტესტო აქცია გახდა.

“ჩემთვის შოკისმომგვრელი იყო პოლიციის სისასტიკე აქციის დარბევის დროს, ასევე საზოგადოების მხრიდან ჩვენ მიმართ წამოსული კრიტიკის ნაკადი. იქამდე ჩემს ცხოვრებაში ყოველდღე ქალებზე სხვადასხვა ტიპის ძალადობის შემთხვევების შესახებ ახალ ამბებს ვიგებდი. გარშემომყოფებიც და მეც ძალადობას და უსამართლობას ვეჩეხებოდით. იმ აქციის შემდეგ კი უფრო ცუდად ვიგრძენი თავი. მეორე დილით სიმღერა დავწერე და მასში ის ყველაფერი ჩავდე, რაც დამიგროვდა. ეს ალბათ, ერთადერთი გამოსავალი იყო იმ დროს ჩემთვის – ერთმანეთის მხარდაჭერა ამ საერთო ბრძოლაში”.

ამ სიმღერის ნაწყვეტი – “იბრძოლე, როგორც ქალმა, გაანადგურე როგორც ქალმა, შექმენი როგორც ქალმა” ფემინისტური მოძრაობის ლოზუნგად იქცა. 2022 წლის 8 მარტის აქციაზე ფარგანამ გააკეთა ის, რასაც, როგორც ამბობს, არ მოელოდა საკუთარი თავისგან ყველაზე თამამ ოცნებებშიც კი – აქციაზე პოლიციელს ხმამაღლა ჩაჰყვირა საკუთარი სიმღერის კუპლეტი.

“ეს იყო კუპლეტი, რომელიც ეძღვნებოდა იმას, თუ ქრთამის სანაცვლოდ როგორ აფარებს პოლიცია ხელს მოძალადეებს. ამ სიტყვებს საფუძვლად აქვს რეალური ისტორია, რომელიც ახალი ამბებიდან მქონდა მოსმენილი. ვერც წარმოვიდგენდი, რომ ვიმღერებდი და თან პოლიციელს თვალებში ჩავხედავდი, და რომ ამას აქციის სხვა მონაწილე ქალებიც იზამდნენ და ჩვენ ერთხმად ვიმღერებდით. ეს რაღაც არარეალური რამ იყო, რის შემდეგაც უფრო თავისუფლად ვსუნთქავ და წინ ვმოძრაობ”.

მთელი ამ საპროტესტო ბრძოლის, გლოვის და სტრესის, ხელოვნებაში ტრანსფორმაციის სურათში ამოვარდნილად ჩანს ეპიზოდი, როდესაც ფარგანა ბაქოს კათოლიკურ ეკლესიაში გალობდა.

“ოდესღაც ერთმა ფრანკო-აზერბაჯანელი წარმომავლობის მეგობარმა ფლასმუნი გამომიგზავნა და მისი სიმღერა შემომთავაზა. ვიმღერე და აღმოჩნდა, რომ ეს ჰარმონიული იყო ჩემთვის. ჩემს მეგობარსაც მოეწონა და როდესაც ბაქოში ჩამოვიდა შემომთავაზა ეკლესიაში კათოლიკურ დღესასწაულზე მემღერა”.

მის იმპროვიზაციას ორი მონაზონი შეუერთდა. ამ გამოცდილებას ის საკუთარ ცხოვრებაში ყველაზე შთამბეჭდავსა და უცნაურს უწოდებს.

“მე აგნოსტიკოსი ვარ და არცერთ რელიგიას არ მივაკუთვნებ თავს, თუმცა, ყველას პატივს ვცემ. სხვა ადამიანებთან ერთად ლოცვა მშვენიერი იყო. ამის შემდეგ გავაცნობიერე, რომ ჩემი სიმღერებიც მეტწილად ლოცვებია. როდესაც ვწერ სიმღერას და ვმღერი, ეს თითქოს, სულიერად მამაღლებს და მინდა რომ ჩემს თავსაც და სხვებსაც იმედი მივცე. გამოდის, სიმღერა ჩემთვის არა მხოლოდ ბრძოლის იარაღი, ასევე ლოცვაცაა”.

ფარგანას სიმღერების უმრავლესობა არასაკმარისი ფინანსების გამო არ არის ჩაწერილი.

მასალების გადაბეჭდვის წესი