ახალი ამბები

ევროკავშირთან სავიზო რეჟიმის გამარტივების კიდევ ერთი ნაბიჯი

29 აპრილი, 2010 • • 1124
ევროკავშირთან სავიზო რეჟიმის გამარტივების კიდევ ერთი ნაბიჯი

ევროკავშირის მიერ შემუშავებული რეკომენდაცია საქართველოსთან სავიზო რეჟიმის გამარტივების შესახებ, ძალაში შესვლის შემდეგ საქართველოს მოქალაქეებს გაუმარტივებს ევროპის ვიზის მიღებას.

კონკრეტულად კი გამარტივებული იქნება მოკლევადიან ვიზებზე განაცხადების შეტანის პროცესი, შემცირდება წარსადგენი დოკუმენტაციის რაოდენობა და ასევე სავიზო გადასახადი. რეადმისიის ხელშეკრულების საფუძველზე კი მარტივი გახდება ევროკავშირის ქვეყნებში უკანონოდ მყოფი საქართველოს მოქალაქეების სამშობლოში დაბრუნება.

რაც შეეხება გრძელვადიან მრავალჯერად  ვიზებს, მოქალაქეთა გარკვეული კატეგორიისთვის გაიცემა, რომლებსაც ხშირად უწევთ ევროკავშირის ქვეყნებში მგვზავრობა. მაგალითად ბიზნესმენებს, ჟურნალისტებს და ევროკავშირის ქვეყნებში მაცხოვრებელი საქართველოს მოქალაქეების ოჯახის წევრებს.

სავიზო გადასახადი 35 ევრომდე შემცირდება ყველა მოქალაქისთვის. ბავშვებისთვის, ევროკავშირში მაცხოვრებელი საქართველოს მოქალაქეების ოჯახის წევრებისთვის და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენელი ორგანიზაციის წევრებისთვის კი ვიზის გადასახადი მოიხსნება.

ევროკომისია მიმართავს ევროპარლამენტს და ევროკავშირის საბჭოს გაფორმდეს ხელშეკრულება და რაც შეიძლება მალე შევიდეს ძალაში.

სესილია მალმსტრომი, ევროკომისარი შინაგან საქმეთა საკითხებში ამბობს, რომ მტკიცედ უჭერს მხარს საქართველოსთან სავიზო რეჟიმის გამარტივებას.

„სავიზო ბარიერების შემცირენა ადამიანების დაახლოებას და მოქალაქეების მთელი ევროპის ტერიტორიაზე მგზავრობას და ურთიერთდაკავშირებას შეუწყობს ხელს…ამ ხელშეკრულების ამოქმედების შემდეგ, საქართველო უფრო მჭიდროდ იქნება დაკავშირებული ევროკავშირთან,“–ამბობს მალმსტრომი.

მასალების გადაბეჭდვის წესი