ახალი ამბები

უკრაინას ნატოში MAP აღარ სურს, მხოლოდ წევრობაა საჭირო – სტეფანიშინა

29 აგვისტო, 2022 •
უკრაინას ნატოში MAP აღარ სურს, მხოლოდ წევრობაა საჭირო – სტეფანიშინა

უკრაინის ვიცე-პრემიერმა, ევროინტეგრაციისა და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში მინისტრმა ოლგა სტეფანიშინამ განაცხადა, რომ 24 თებერვლის შემდეგ განვითარებული ცვლილებების და ნახევარწლიანი ომის ფონზე, უკრაინისთვის ნატოს მხრიდან მაპის (წევრობის სამოქმედო გეგმა) მინჭებას ისეთი მნიშვნელობა აღარ აქვს, როგორც ადრე. მისი თქმით, ახლა მნიშვნელოვანია მხოლოდ წევრობა. ამის შესახებ ინფორმაციას Ukrainskaia Pravda ავრცელებს.

“უკრაინისთვის MAP 24 თებერვლამდე რომ შეეთავაზებინათ, ჩვენ მაქსიმალურად დაგვაკმაყოფილებდა ეს გადაწყვეტილება, გაგვიხარდებოდა და ჩავთვლიდით, რომ ჩვენი კონსტიტუციის მოთხოვნა შევასრულეთ და ეს ერთადერთი სწორი გადაწყვეტილება იქნებოდა. დღეს MAP-ის შეთავაზების წინადადება ნატოს ფარგლებში იქნება 2008 წლის ბუქარესტის სამიტის გადაწყვეტილების ტოლფასი”, – განაცხადა სტეფანიშინამ.

მისი თქმით, უკრაინელი სამხედროები ახლა იძენენ უნიკალურ საბრძოლო გამოცდილებას, რომელიც ნატოს სამხედრო მოკავშირეებს არ აქვთ.

“ძირითადი ჯილდო და შესაძლებლობები, რომლის მიღებაც შეგვეძლო და რომელიც საინტერესო იქნებოდა ამ ომის პირობებში, ახლა შეგვიძლია მივიღოთ მხოლოდ და მხოლოდ როგორც ალიანსის წევრს, რომელზეც ნატოს შეთანხმების მეხუთე პუნქტი გავრცელდებოდა. ყველაფერ დანარჩენს ვაკეთებთ და ეს მაღალი თანამდებობის პირების, პოლიტიკოსების და მინისტრების ჩართულობას არ საჭიროებს. მაგრამ უსაფრთხოების გარანტიებთან დაკავშირებულ საკითხებში მხოლოდ წევრობას შეუძლია ვითარების შეცვლა.

მისი თქმით, ადრე თუ გვიან უკრაინა აუცილებლად გახდება ნატოს წევრი, “თუ ნატო იმ მომენტამდე იარსებებს, როცა ეს შესაძლებლობის ფანჯარა იქნება ღია”.

მან ასევე აღნიშნა, რომ ჯერ ვერ ხედავს აზრს, სერიოზულად განიხილოს რუსეთის წინააღმდეგობები უკრაინის ნატოში გაწევრიანებასთან დაკავშირებით, იმის გათვალისწინებით, რომ კრემლთან მოლაპარაკების პერსპექტივა ჯერ კიდევ შორს არის და არ არის ცნობილი, იქნება თუ არა ამ საკითხებზე მოლაპარაკება საერთოდ.

მასალების გადაბეჭდვის წესი