ახალი ამბები

თურქეთში რუსი ტურისტების მხრიდან წამლებზე მოთხოვნა გაიზარდა – ჰურიეთი

29 აგვისტო, 2022 • 923
თურქეთში რუსი ტურისტების მხრიდან წამლებზე მოთხოვნა გაიზარდა – ჰურიეთი

თურქეთში ჩასული რუსი ტურისტების მხრიდან მედიკამენტებზე მოთხოვნა გაიზარდა. აღნიშნულის შესახებ იუწყება გამოცემა “ჰურიეთი”, რომლის ინფორმაციითაც, დასავლეთის სანქციებისა და ფასში განსხვავების ფონზე, თურქეთში რუსები დიდწილად ყიდულობენ ტკივილგამაყუჩებლებსა და ანტიდეპრესანტებს.

“ჰურიეთის” მიხედვით, მას შემდეგ, რაც სასტუმროებში დაბინავებულმა რუსმა ტურისტებმა მათ გარშემო აფთიაქების ძებნა და იქ წამლების შეძენა დაიწყეს, თურქეთის ზღვისპირა რეგიონებში, ხუთვარსკვლავიანი სასტუმროების მიმდებარედ, ახალი აფთიაქები გაიხსნა რუსებისთვის მომსახურების გასაწევად.

საკურორტო ქალაქებში — ანტალიასა და მუღლაში — სააფთიაქო ოპერატორები ეძებენ ფარმაცევტებს, რომლებიც რუსული წამლების თურქულ ეკვივალენტებში არიან გარკვეულნი.

მეორე მხრივ, ზოგიერთი რუსი ტურისტი სოც. მედიაში წერს იმის შესახებ, რომ თურქეთში მიდიან და კონტაქტზე გადიან წამლების მსურველებთან იმის იმედით, რომ მიღებული შეკვეთებით შვებულების ზოგიერთ ხარჯს დაფარავენ.

“მიუხედავად იმისა, რომ რუსი ტურისტები წარსულშიც ყიდულობდნენ მედიკამენტებს თურქეთში შვებულების დროს, მოთხოვნა გაიზარდა დასავლეთის მიერ გამოცხადებული სანქციების ფონზე უკრაინაში შეჭრის შემდეგ, რამაც მკვეთრად დააზარალა [რუსეთის] ფარმაცევტული ინდუსტრია.

თურქეთში ჩასული რუსეთის მოქალაქეები ძირითადად ყიდულობენ ტკივილგამაყუჩებლებს, ანტიდეპრესანტებსა და დიაბეტის სამკურნალო საშუალებებს, რადგან მათი უმეტესობა რუსეთში გაცილებით ძვირად იყიდება”, — წერს “ჰურიეთი”.

იანვარ-ივლისში თურქეთში 2.2 მილიონი რუსი ტურისტი ჩავიდა. ამ მონაცემით ისინი მეორე ადგილს იკავებენ თურქეთში ჩასული უცხოელი ტურისტების სიაში. შედარებისთვის, 1 წლის წინ ქვეყანას რუსეთიდან სტუმრობდა 1.55 მილიონი ვიზიტორი.

“ჰურიეთის” მიხედვით, ანტალიამ, რომელიც რუსებისთვის “განსაკუთრებით საყვარელი ადგილია”, პირველი აგვისტოდან 17 აგვისტომდე 524 000-ზე მეტ რუსს უმასპინძლა.

მასალების გადაბეჭდვის წესი