ახალი ამბები

რელიგიურ სკოლებზე ხუმრობისთვის დაკავებულ თურქ მომღერალს შინაპატიმრობაში გადაიყვანენ

29 აგვისტო, 2022 • 1331
რელიგიურ სკოლებზე ხუმრობისთვის დაკავებულ თურქ მომღერალს შინაპატიმრობაში გადაიყვანენ

თურქეთის სასამართლოს გადაწყვეტილებით, რელიგიურ სკოლებზე ნათქვამი ფრაზის გამო დაკავებულ თურქ მომღერალ გიულშენს შინაპატიმრობაში გადაიყვანენ. აღნიშნულის შესახებ თურქული მედია იტყობინება.

მომღერალი გასული კვირის პარასკევს დააკავეს, რასაც წინ უძღოდა მის ერთ-ერთ კონცერტზე გადაღებული ვიდეოს გავრცელება. გიულშენს ედავებოდნენ  “ხალხში სიძულვილისა და მტრობის გაღვივებას”.

მისმა ადვოკატმა სტამბოლის სასამართლოში საჩივარი 26 აგვისტოს შეიტანა გიულშენის გათავისუფლების მოთხოვნით. Bianet-ის მიხედვით, სასამართლომ განცხადება 29 აგვისტოს განიხილა, რის შემდეგაც გადაწყდა მომღერლის საპატიმროდან გათავისუფლება და შინაპატიმრობაში გადაყვანა.

ვიდეოში, რომლის გამოც დააკავეს, გიულშენი ამბობს: “ის იმამ-ჰათიფის სკოლაში სწავლობდა. გარყვნილებაც იქიდან გამოჰყვა”. მომღერლის ნათქვამს აუდიტორიიდან სიცილი მოჰყვა. უცნობია, კონკრეტულად ვის გულისხმობდა მომღერალი.

“იმამ-ჰათიფის” სკოლები წარმოადგენს რელიგიური სკოლების ქსელს, რომელიც პრეზიდენტ რეჯეფ თაიფ ერდოღანის მმართველობის პერიოდში განსაკუთრებით გაფართოვდა. თურქეთის მთავრობაში მაღალჩინოსნების დიდ ნაწილს და თავად ერდოღანს “იმამ-ჰათიფი” აქვს დამთავრებული.

ხსენებული კადრების გავრცელების შემდეგ, მომღერლის წინააღმდეგ გამოძიება დაიწყო. მანამდე იგი მიზანში ამოიღეს სამთავრობო მედიამ და სოც. მედიის მომხმარებლებმა. შეიქმნა ჰეშთეგებიც “ტვიტერზე”, სიტყვებით- “დააპატიმრეთ გიულშენი” და “გიულშენ, იცოდე შენი ადგილი”.

მომღერალი “ტვიტერზე” 25 აგვისტოს გავრცელებულ განცხადებაში აღნიშნავს, რომ ვიდეო აპრილში გამართული კონცერტიდანაა. მისი თქმით, იხუმრა და ბოდიშს უხდის ყველას, ვინც გაანაწყენა ხსენებულმა ფრაზამ. გიულშენი ასევე დასძენს, რომ მისი სიტყვები ზოგიერთმა გამოიყენა საზოგადოების პოლარიზების მიზნით.

Bianet-ის მიხედვით, კონსერვატორები მანამდეც არაერთგზის აკრიტიკებდნენ მომღერალს სცენაზე მისი ჩაცმულობისა და ლგბტ ადამიანებისადმი მხარდაჭერის გამო.

რელიგიურ სასწავლებლებზე გიულშენის განცხადება თურქეთის მმართველმა წრეებმა და მათმა მხარდამჭერებმა დაგმეს. მმართველ “სამართლიანობისა და განვითარების პარტიაში” ამბობენ, რომ “საზოგადოების ნაწილის მიზანში ამოღება” და “თურქეთის დაყოფის მცდელობა სიძულვილის დანაშაულია”.

თავის მხრივ, მომღერლის დაკავების ფაქტი არაერთმა ოპოზიციონერმა პოლიტიკოსმა გააკრიტიკა, “ტვიტერზე” კი გავრცელდა გიულშენის მხარდამჭერი ჰაშთაგიც, სიტყვებით “გიულშენი მარტო არ არის”.

“სახალხო რესპუბლიკური პარტიის” — თურქეთის უმსხვილესი ოპოზიციური ძალა — ასამბლეის წევრი სვამს კითხვას, იწყება თუ არა გამოძიება მათ წინააღმდეგაც, ვინც ამბობს, რომ რელიგიური რიტუალების შეუსრულებლობის გამო ადამიანების სიცოცხლის ხელყოფა ან ცემა შეიძლება.

“ვისაც ჰგონია, რომ რეაქციული ფატვებით, აკრძალვებით, სასამართლოთი და ლინჩის კულტურით შეუძლიათ ჩვენი ქვეყნის ხელში ჩაგდება, კარგად უნდა იცოდეს:

ჩვენ დავიცავთ თავისუფალ ხელოვნებას! ჩვენ არ დავთმობთ სეკულარიზმს!” — ნათქვამია კიდევ ერთი ოპოზიციური პარტიის, “თურქეთის მშრომელთა პარტიის” განცხადებაში.

კონსერვატორი ჟურნალისტის, ნიჰალ ბენგისუ ქარაჯას სიტყვებით, თავადაც რელიგიური სკოლა დაამთავრა, გულნატკენია გიულშენის რეპლიკით და სტატიაც დაწერა აღნიშნულზე, თუმცა არ ესმის, რა საჭირო იყო მომღერლის დაკავება.

“რატომ არის გიულშენი დაპატიმრებული? რა არის მიზანი?” — კითხულობს ჟურნალისტი.

ბრიტანული BBC ხაზს უსვამს, რომ ეს ხდება თურქეთში მიმდინარე დისკუსიის ფონზე, რომლის ფარგლებშიც მმართველი “სამართლიანობისა და განვითარების პარტიის”(AKP) მიერ საზოგადოების “ცხოვრების წესში” შესაძლო ჩარევებს განიხილავენ.

უკანასკნელ პერიოდში ქვეყანაში რამდენიმე მუსიკალური ფესტივალიც გაუქმდა ოფიციალურ პირთა გადაწყვეტილებით.

მასალების გადაბეჭდვის წესი