ახალი ამბები

დიდი ბრიტანეთი უკრაინას წყალქვეშა დრონებს გადასცემს და მათ გამოყენებას ასწავლის

27 აგვისტო, 2022 • 1211
დიდი ბრიტანეთი უკრაინას წყალქვეშა დრონებს გადასცემს და მათ გამოყენებას ასწავლის

დიდი ბრიტანეთი სანაპირო ზოლის ნაღმებისგან გასაწმენდად უკრაინას წყალქვეშა დრონებს გადასცემს და მის გამოყენებას ასწავლის. ამის შესახებ ინფორმაციას ბრიტანეთის თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს.

სამინისტროს ცნობით, უკრაინის წყლებში რუსული ნაღმების აღმოსაჩენად 6 წყალქვეშა მოწყობილობა გაიგზავნება, მათ შორის სამს დიდი ბრიტანეთი საკუთარი მარაგებიდან გადასცემს, სამს კი შეძენის შემდეგ.

სამინისტრო განმარტავს, რომ აღნიშნული დრონები სანაპიროსთან ახლოს გამოიყენება, კერძოდ დრონებს სენსორების დახმარებით 100 მეტრის სიღრმეში შეუძლიათ ნაღმის აღმოჩენა, რათა შემდეგ უკრაინის საზღვაო ფლოტმა მათი განადგურება შეძლოს.

“ეს სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი აღჭურვილობა და ტრენინგები უკრაინას საკუთარ წყლებში უსაფრთხოების დაცვაში დაეხმარება, ასევე ხელს უწყობს მარცვლეულის ექსპორტის გაუმჯობესებას დანარჩენ მსოფლიოში და უკრაინელ სამხედროებს უჭერს მხარს, საკუთარი სანაპიროებისა და პორტების დაცვაში”, – განაცხადა დიდი ბრიტანეთის თავდაცვის მინისტრმა ბენ უოლესმა.

სამინისტროს ინფორმაციით, უკრაინის საზღვაო ძალების თანამშრომლებისთვის დრონების გამოყენების სწავლება უკვე დაწყებულია და უახლოეს თვეებში ათობით უკრაინელ მებრძოლს გადაამზადებენ.

მასალების გადაბეჭდვის წესი