დსთ-ის საკითებში რუსეთის სახელმწიფო დუმის კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილემ, კონსტანტინ ზატულინმა რუსულ გამოცემა gazeta.ru-სთან განაცხადა, რომ უსაფუძვლოა აფხაზების შიში, რომ რუსებისთვის მიწების მიყიდვით ვეღარ იქებიან აფხაზეთის ბატონ-პატრონები.
“ამ საკითხის გადაწყვეტა ფერხდება აფხაზურ საზოგადოებაში “დარჩენილი შიშების” გამო. აფხაზეთის ოპოზიცია ცდილობს დანერგოს აზრი, რომ თუკი ამას დაუშვებენ დღეს, ხვალ აფხაზები აღარ იქნებიან ქვეყნის ბატონ-პატრონები. თუმცა, ხომ ცხადია, რომ აფხაზეთიდან მიწას ვერავინ გაიტანს, მსგავსი შიშები აფხაზეთის განვითარებას აფერხებს”.
ეს კომენტარი ზატულინმა რუსეთ-ბელარუსის სამოკავშირეო სახელმწიფოს გაფართოების საკითხის კონტექსტში გააკეთა. მისი განმარტებით, აფხაზეთის სამოკავშირეო სახელმწიფოს შემადგენლობაში შესაძლო შესვლა ხელს შეუწყობდა რიგი საკითხების მოგვარებას. მათ შორის, რუსეთ-აფხაზეთის საზღვრის კვეთის რეჟიმის გამარტივებას [როგორც რუსეთ-ბელარუსის შემთხვევაში]; ასევე, ეს შექმნიდა საფუძველს, უფრო მარტივად მოგვარდეს რუსეთის მოქალაქეებისთვის აფხაზეთში მიწების შესყიდვის საკითხი.
დღეს აფხაზეთში ოფიციალურად იკრძალება უცხო ქვეყნის მოქალაქეებზე მიწების გასხვისება, რაც ხშირად რუსული მხარის უკმაყოფილების მიზეზი გამხდარა.
ზატულინის განცხადებას წინ უძღოდა დე ფაქტო პრეზიდენტ ასლან ბჟანიას ინტერვიუ, სადაც მან განაცხადა, რომ აფხაზეთი მზადაა, სამოკავშირეო სახელმწიფოს შეურთდეს.
სამოკავშირეო სახელმწიფოსთან შეერთების თემაზე აფხაზურ საზოგადოებაში, კერძოდ, სოციალურ ქსელებში დისკუსია დაიწყო, თუმც, აფხაზურ ოპოზიციას ჯერ არ გაუკეთებია განცხადება.