„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე ნიკა მელია განცხადებას ავრცელებს და ბათუმში, უკრაინის მხარდამჭერ აქციაზე მომხდარ ინციდენტს ეხმაურება.
მელიას თქმით, გავრცელებულ კადრებში ჩანს, რომ ქალი, რომელიც ხაზარაძის ცოლს მიხეილ სააკაშვილის მხარდამჭერი ბანერის დახევაში ადანაშაულებს, პროვოკაციულად იქცეოდა, „ლელოს“ ლიდერს ინტერვიუს დროს კადრში ეჭრებოდა და ფიზიკურ აგრესიაზეც იყო გადასული:
„სიმართლე ყოველთვის უნდა ითქვას, ვისაც არ უნდა ეხებოდეს ის, შენი პარტიის მხარდამჭერს თუ ოპონენტს. სიმართლე კიდევ აი, ესაა – კადრებში ჩანს, როგორ აგრესიულად და პროვოკაციულად იქცეოდა გუშინ ეს ქალბატონი ბათუმში, უკრაინის დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებულ ღონისძიებაზე.
ჯერ კადრში ეჭრებოდა მამუკა ხაზარაძეს და შემდეგ მის მეუღლეს ბრალი დასდო პლაკატის დახევაში. შემდეგ ეს ამბავი დაიხვია და შეცდომაში შეიყვანა ძალიან ბევრი ადამიანი და აიყოლია პარტნიორი ოპოზიციური პარტიის თავმჯდომარისა და მისი ოჯახის წინააღმდეგ აგორებულ ცილისმწამებლურ კამპანიაში. ვიდეოში ჩანს, რომ ჯერ არანაირი პლაკატი არაა დახეული და იგი უკვე ფიზიკურ აგრესიაზეა გადასული! არადა, ხალხს აჯერებდა, რომ მისი აღშფოთება პლაკატის დახევამ განაპირობა“, – ამბობს ნიკა მელია.
მელიას თქმით, ამნაირი აქტივისტების გამო ერიდება ბევრი „ნაციონალური მოძრაობის“ მხარდაჭერას და სამარცხვინოა ქცევა, როცა „ვითომ კეთილი ზრახვებით“ აქტივისტი შეურაცხყოფას აყენებს „პარტნიორი ოპოზიციური პარტიის თავმჯდომარეს“:
„გასათვალისწინებელია ისიც, რომ ასე უვარდებოდა კადრში თითქმის შემდეგი 15 წუთის განმავლობაში. ვიდეოკადრებში ჩანს კიდეც, რა ვითარებაში, შემთხვევით როგორც გაეხა მას ეს პლაკატი. ისედაც სრულიად წარმოუდგენელია, რომ ეს პლაკატი დაეხია მამუკა ხაზარაძის მეუღლეს.
ძალიან კარგად ვიცი, რაც ამოძრავებს ამ ქალბატონს. შარშან, ნოემბრის დასაწყისში, საკუთარ თავზე გამოვცადე მისი ვულგარული თავდასხმა, ცილისწამება და შეურაცხყოფა.
სწორედ მისნაირების გამო ერიდება ბევრი ნაცმოძრაობის მხარდაჭერას. სწორედ ასეთი, ამ ტიპის ქცევა ასრულებს საფრთხობელას როლს და სწორედ მისნაირების გამო ერიდება ბევრი ნაცმოძრაობის მხარდაჭერას. დიახ, სამარცხვინოა, როდესაც ვითომ კეთილი ზრახვებითა და ვითომ მიშას გათავისუფლების იდეით „შთაგონებული“ აქტივისტი შეურაცხყოფას აყენებს პარტნიორი ოპოზიციური პარტიის თავმჯდომარეს“, – აცხადებს ნიკა მელია.
მისი თქმით, ამგვარი ფაქტები არ ემსახურება არც მიხეილ სააკაშვილის მხარდაჭერას და არც საერთო ოპოზიციურ მიზანს და აღნიშნავს, რომ საქართველოს მომავალი კოალიციურია:
„მსგავსი ქცევებით უარესი კეთდება, პირველ რიგში, პარტიისათვის. მინდა ხაზგასმით ვთქვა – ამგვარი ფაქტები არ ემსახურება არც მიშას თავისუფლებას და არც საერთო ოპოზიციურ მიზანს – ქვეყნის გათავისუფლებას რუსი ოლიგარქისგან, რასაც აუცილებლად მივაღწევთ!
საქართველოს მომავალი არის კოალიციური და დროა ვისწავლოთ როგორც ერთად ბრძოლა, ურთიერთგატანა, გნებავთ, ურთიერთატანა, ისე თანაცხოვრება, თანაარსებობა, რათა შემდეგში შევძლოთ ამ ქვეყნის ერთად მართვა და პატრონობა“, – აცხადებს ნიკა მელია.
მელიას განცხადება უკავშირდება 24 აგვისტოს ბათუმში მომხდარ ინციდენტს, რომლის დროსაც უკრაინის მხარდამჭერ აქციაზე ენმ-ის მხარდამჭერი ბანერით „თავისუფლება მიშას“ მამუკა ხაზარაძეს ინტერვიუს მიცემის შესაძლებლობას არ აძლევს. კადრებში ქალი „ლელოს“ ერთ-ერთ წარმომადგენელს ბანერის დახევაში ადანაშაულებს, რომელიც მამუკა ხაზარაძის ცოლი აღმოჩნდა.
აღნიშნული კადრების გავრცელებას ენმ-ის მხარდამჭერების ნაწილის გაღიზიანება და სოციალურ ქსელ „ფეისბუკში“ მამუკა ხაზარაძისა და მისი ოჯახის მიმართ შეურაცხმყოფელი პოსტები მოჰყვა.