ახალი ამბებისამხრეთ კავკასიის ამბები

“სირია და აფხაზეთი რუსეთის სპეცოპერაციას მხარს უჭერენ” – ერთობლივი განცხადება

25 აგვისტო, 2022 •
“სირია და აფხაზეთი რუსეთის სპეცოპერაციას მხარს უჭერენ” – ერთობლივი განცხადება

სოხუმში ოფიციალური ვიზიტით მყოფმა სირიის არაბული რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრმა ფეისალ მიკდადიმ და აფხაზეთის დე ფაქტო საგარეო მინისტრმა ინალ არძინბამ  რამდენიმეპუნქტიანი ერთობლივი განცხადება მიიღეს. 

განცხადების პირველივე პუნქტი შეეხება უკრაინაში რუსეთის “სპეციალურ სამხედრო ოპერაციის” მხარდაჭერას.

“მხარეები მხარს უჭერენ სპეციალურ სამხედრო ოპერაციას, რომელიც მიმართულია სამართლიანი მსოფლიო წესრიგის ფორმირებისკენ, სადაც პატივს სცემენ ერების უფლებებსა და ისტორიას”.

გარდა ამისა, ერთობლივ განცხადებაში სირია და აფხაზეთი გმობენ დასავლეთის ქვეყნების მიერ დაწესებულ იძულებით ზომებს რუსეთისთვის, სირიისთვის და აფხაზეთისთვის. ასევე, გმობენ საერთაშორისო ტერორიზმს და მოუწოდებენ “არალეგიტიმურ ძალებს”, დატოვონ სირიის  არაბული რესპუბლიკა. გარდა ამისა, მხარეები ერთმანეთან სავაჭრო, ეკონომიკურ და კულტურისა და ტურიზმის სფეროებში თანამშრომლობაზე განაცხადს აკეთებენ.

აფხაზეთის დე ფაქტო მთავრობამ საელჩო სირიის არაბულ რესპუბლიკაში ჯერ კიდევ 2020 წლის ოქტომბერში გახსნა.

სირიამ სამხრეთ ოსეთისა და აფხაზეთის დამოუკიდებლობა 2018 წლის 29 მაისს ცნო, რის შემდეგაც საქართველომ შეწყვიტა სირიასთან დიპლომატიური ურთიერთობები.

2018 წელს სირიის არაბულ რესპუბლიკაში ოფიციალური ვიზიტით მყოფმა აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკის მაშინდელმა პრეზიდენტმა რაულ ხაჯიმბამ სირიის პრეზიდენტი ბაშარ ასადი პირველი ხარისხის აფხაზური “ახდზ-აპშას” ორდენით დააჯილდოვა.

სირიის მთავრობის უმთავრესი საგარეო მოკავშირე რუსეთია, რომლის დახმარებით აფხაზეთი სხვადასხვა ქვეყნის საერთაშიროსო აღიარებას ცდილობს.

მასალების გადაბეჭდვის წესი