ახალი ამბებისამხრეთ კავკასიის ამბები

სოხუმში 24-27 აგვისტოს სირიის საგარეო საქმეთა მინისტრი ჩადის

24 აგვისტო, 2022 • 1401
სოხუმში 24-27 აგვისტოს სირიის საგარეო საქმეთა მინისტრი ჩადის

აფხაზეთის დე ფაქტო საგარეო უწყების ცნობით, 24-27 აგვისტოს აფხაზეთში სამუშაო ვიზიტით სირიის საგარეო საქმეთა მინისტრი ფეისალ მიკდადი ჩადის. სირიის დელეგაციაში სხვა მაღალჩინოსნებიც არიან.

აფხაზური მხარის ოფიციალური ინფორმაციით, შეხვედრების ფარგლებში მხარეები ხელს მოაწერენ პოლიტიკური კონსულტაციების შესახებ ურთიერთგაგების მემორანდუმს.

აფხაზეთის დე ფაქტო მთავრობამ საელჩო სირიის არაბულ რესპუბლიკაში ჯერ კიდევ 2020 წლის ოქტომბერში გახსნა.

სირიამ სამხრეთ ოსეთისა და აფხაზეთის დამოუკიდებლობა 2018 წლის 29 მაისს ცნო, რის შემდეგაც საქართველომ შეწყვიტა სირიასთან დიპლომატიური ურთიერთობები.

2018 წელს სირიის არაბულ რესპუბლიკაში ოფიციალური ვიზიტით მყოფმა აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკის მაშინდელმა პრეზიდენტმა რაულ ხაჯიმბამ სირიის პრეზიდენტი ბაშარ ასადი პირველი ხარისხის აფხაზური “ახდზ-აპშას” ორდენით დააჯილდოვა.

სირიის მთავრობის უმთავრესი საგარეო მოკავშირე რუსეთია, რომლის დახმარებით აფხაზეთი სხვადასხვა ქვეყნის საერთაშიროსო აღიარებას ცდილობს.

მასალების გადაბეჭდვის წესი