თბილისი პარკინგის აპლიკაციაში ცვლილებების შემდეგ მომხმარებელთა ნაწილს აპლიკაციის განახლებამდე ანგარიშზე არსებული თანხები „გაუქრა“. თბილისის მერიის ცნობით, მომხმარებლების ანგარიშზე თანხა არ ჩანს, რადგან ისინი თავიდან დარეგისტრირდნენ და თანხა ძველ ანგარიშზე აქვთ, თუმცა ფულის დაბრუნება კვლავ შეუძლიათ.
მუნიციპალური სერვისების განვითარების სააგენტოს ცხელი ხაზის თანახმად, თანხის დასაბრუნებლად რამდენიმე გზა არსებობს:
- იმ შემთხვევაში, თუ გახსოვთ თქვენი ძველი ანგარიშის ID და პაროლი, უნდა შეხვიდეთ ძველ ანგარიშზე, სადაც თანხა კვლავ გამოჩნდება;
- თუ გახსოვთ ID, თუმცა არ გახსოვთ პაროლი, უნდა მიუთითოთ, რომ პაროლის აღდგენა გსურთ, აღდგენის შემდეგ კი თანხა ძველ ანგარიშზე გამოჩნდება;
- თუ არც ID და არც პაროლი გახსოვთ, მაშინ უნდა დარეკოთ მუნიციპალური სერვისების განვითარების ცხელ ხაზზე, ნომერზე -13 99, რის შემდეგაც ოპერატორი დაგეხმარებათ ძველ ანგარიშზე არსებული თანხის ახალ ანგარიშზე გადატანაში.
ხოლო იმ შემთხვევაში, თუ თბილისი პარკინგის აპლიკაცია განახლების შემდეგ არ გამოგიყენებიათ, მისი გახსნისას უნდა დააჭიროთ ავტორიზაციის ღილაკს, შესაბამის ველში კი უნდა მიუთითოთ ძველი პაროლი. ამის შემდეგ უნდა გაააქტიუროთ კოდი, რომელსაც ელექტრონულად მიიღებთ.
მერიის ცნობით, აპლიკაციის განახლება აუცილებელი გახდა მას შემდეგ, რაც მომხარებელთა ერთიანი ელექტრონული სისტემა შეიქმნა, რამაც აპლიკაციაში მომხარებელთა გააქტიურება მოითხოვა. აღნიშნული ცვლილებების გამო მომხმარებელთა ნაწილს ზონალურ-საათობრივი პარკირების გააქტიურებისას შეფერხება ჰქონდა.
ამასთან, მერიის ინფორმაციით, განახლების შემდეგ მოქალაქეებს ერთი მომხმარებლის ანგარიშით შეუძლიათ ისარგებლონ შემდეგი ელექტორნული სისტემებით: თბილისის პარკინგი, თბილისის ტაქსი, ონლაინ განცხადებების პორტალი და ა.შ.