ახალი ამბები

ენმ პოლიციას ახალქალაქში თანაპარტიელის პოლიტიკურ დევნაში ადანაშაულებს

25 აგვისტო, 2022 •
ენმ პოლიციას ახალქალაქში თანაპარტიელის პოლიტიკურ დევნაში ადანაშაულებს

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ შინაგან საქმეთა სამინისტროს ადანაშაულებს მათი თანაპარტიელის პოლიტიკური ნიშნით დევნაში.

საუბარია ახალქალაქის მუნიციპალიტეტში შსს-ს მიერ არტურ მკოიანის სახლის ჩხრეკაზე, რა დროსაც მკოიანი შსს-ს თანამშრომლებმა ადმინისტრაციული წესით, პოლიციისთვის დაუმორჩილებლობის მუხლით დააკავეს.

პარტიაში აცხადებენ, რომ უწყება მკოიანისთვის იარაღის „ჩადებას“ ცდილობდა ჩხრეკისას, რაც ვეღარ მოახერხეს მედიის მიერ საკითხით დაინტერესების შემდეგ:

„მინდა გესაუბროთ გუშინ ახალქალაქის მუნიციპალიტეტში მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით, რომელიც გულისხმობს არტურ მკოიანის ოჯახის მიმართ განხორციელებულ ტერორს და პოლიტიკურ დევნას. რისი მთავარი შემოქმედიც გახლავთ ახალქალაქის პოლიციის უფროსი შალვა ლომსაძე. ეს არ არის პირველი შემთხვევა შალვა ლომსაძის მხრიდან.

საქმე ეხება 2020 წელს და 2021 წელს დაწყებულ პოლიტიკურ დევნას, როდესაც არტურ მკოიანი გახლდათ „ნაციონალური მოძრაობის“ პარტიული სიის წევრი და მასზე იმდროიდან დაიწყო შალვა ლომსაძის მხრიდან პოლიტიკური დევნა. მასზე ხორციელდებოდა სხვადასხვაგვარი ზეწოლა, ტერორი, შანტაჟი, რათა მას დაეტოვებინა ნაციონალური მოძრაობა“, – ამბობს ენმ-ის წევრი გიორგი ბოტკოველი.

გიორგი ბორკოველის თქმით, ხელისუფლება და შინაგან საქმეთა სამინისტრო ცდილობდა, რომ არტურ მკოიანის ოჯახში იარაღი „ჩაედოთ“ და შემდგომ მისი დაკავება მომხდარიყო შესაბამისი მუხლით:

„მაგრამ ატეხილი ამბის შემდეგ, როდესაც ტელევიზიები ჩაერთნენ პროცესში, ვეღარ გაბედეს ამის განხორციელება. თუმცა დღევანდელი ხელისუფლების და შინაგან საქმეთა სამინისტროს მხრიდან, რომელიც, სამწუხაროდ, არის პოლიტიზიტებული, მოულოდნელი არაფერი არ არის და დღეს ადამიანები დაცულად თავს ვერ გრძნობენ”,-განაცხადა ბოტკოველმა

ენმ-ის ოფისში გამართული ბრიფინგის შემდეგ განცხადება გაავრცელა შინაგან საქმეთა სამინისტრომაც. უწყებაში აცხადებენ, რომ ჩხრეკა მკოიანის სახლში ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა ტარების მუხლით მიმდინარე გამოძიების ფარგლებში ჩატარდა.

უწყებაში აცხადებენ, რომ გამოძიების დაწყების საფუძველი გახდა მიმდინარე წლის 23 აგვისტოს ახალქალაქში, დავით აღმაშენებლის ქუჩაზე, „ოპელის“ მარკის ავტომობილის მძღოლის მიერ გადაადგილებისას, სავარაუდოდ, ცეცხლსასროლი პისტოლეტიდან პირადი ავტომობილით მოძრავი პოლიციის თანამშრომლების მიმართულებით გასროლა.

შსს-ში ამბობენ, რომ მომხდარი ფაქტის შემდეგ მძღოლი ავტომობილიანად მიიმალა, თუმცა, გამოძიების ფარგლებში, მალევე მოხდა ავტომანქანის მძღოლის იდენტიფიცირება და დადგინდა, რომ „ოპელის“ მარკის ავტომობილს მართავდა 1985 წელს დაბადებული არტურ მკოიანი:

„ზემოაღნიშნულ ფაქტზე მიმდინარე გამოძიების ფარგლებში, ა.მ.-ის საცხოვრებელ სახლში სამართალდამცველების მიერ ჩატარებული ჩხრეკისას აღნიშნული პირი არ დაემორჩილა პოლიციელის კანონიერ მოთხოვნას, რის გამოც იგი ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 173-ე მუხლით იქნა დაკავებული. ახალქალაქის რაიონულმა სასამართლომ 24 აგვისტოს ა.მ. სამართალდარღვევად ცნო და სახდელის სახედ 11- დღიანი პატიმრობა განუსაზღვრა“, – აცხადებენ უწყებაში.

შსს-ს თქმით, სამცხე-ჯავახეთის პოლიციის დეპარტამენტში გამოძიება გრძელდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე მუხლის მე-3 და მე-4 ნაწილებით, რაც ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვას და ტარებას გულისხმობს.

უწყება ასევე ეხმაურება აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით პარტია “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” ოფისში გამართულ ბრიფინგს და აცხადებს, რომ ენმ-ის განცხადება იმის შესახებ, რომ ადგილის ჰქონდა ოჯახის მიმართ განხორციელებულ ტერორსა და პოლიტიკური დევნას, სიმართლეს არ შეესაბამება:

„აღნიშნული განცხადება არ შეესაბამება სიმართლეს, გამოძიების დაწყება და პოლიციის მიერ ა.მ.-ის საცხოვრებელ სახლში ჩატარებული ჩხრეკა ჩატარდა საპროცესო კანონმდებლობის სრული დაცვით. შესაბამისად, ვასაჯაროებთ ვიდეოს, რომელზეც ასახულია მოქალაქე ა.მ.-ის მიერ იარაღიდან სროლის ფაქტი, რის საფუძველზეც დაიწყო გამოძიება და ა.მ.-ს საცხოვრებელ სახლში სამართალდამცველების მიერ ჩატარდა ჩხრეკა“, – აცხადებენ შინაგან საქმეთა სამინისტროში.

მასალების გადაბეჭდვის წესი