ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტი ჯო ბაიდენი აცხადებს, რომ აშშ უკრაინას 2.98 მილიარდი დოლარის სამხედრო დახმარებას გაუწევს. როგორც CNN წერს, დახმარება ქვეყნის უსაფრთხოების გაძლიერებაზე იქნება მიმართული:
„ამაყი ვარ, გავახმაურო ამ დრომდე ჩვენი ყველაზე დიდი დახმარების შესახებ: დაახლოებით 2.98 მილიარდის იარაღი და აღჭურვილობა გადაეცემა უკრაინას უსაფრთხოების გაძლიერების ინიციატივებისთვის. ეს მისცემს ქვეყანას შესაძლებლობას, დანერგოს საჰაერო თავდაცვის სისტემები, საარტილერიო სისტემები და რადარები, რათა შეძლოს, გრძელვადიან პერსპექტივაში დაიცვას თავი“, – განაცხადა ჯო ბაიდენმა.
გასულ კვირას აშშ-მა უკრაინის დახმარების კიდევ ერთი პაკეტის შესახებ ამცნო საზოგადოებას, რომლის მოცულობაც 775 მილიონი აშშ დოლარია და „ჰაიმარსებისა“ და „ჰაუბიცის“ შეიარაღების გადაცემას ითვალისწინებს.
რეკორდული მოცულობის დახმარების შესახებ განცხადების გაკეთებასთან ერთად, ბაიდენმა უკრაინელ ხალხს დამოუკიდებლობის 31 წლისთავი მიულოცა და აღნიშნა, რომ ქვეყანამ „შთააგონა მსოფლიო“.