ახალი ამბები

დეგნანი: მნიშვნელოვანია, შესაძლებელი იყოს კრიტიკული აზრის გამოთქმა მთავრობის მიმართ

24 აგვისტო, 2022 • 747
დეგნანი: მნიშვნელოვანია, შესაძლებელი იყოს კრიტიკული აზრის გამოთქმა მთავრობის მიმართ

ამერიკის შეერთებული შტატების ელჩი საქართველოში კელი დეგნანი ჟურნალისტების კითხვის საპასუხოდ, რომელიც „მთავარი არხის“ დაჯარიმებას ეხებოდა, აცხადებს, რომ სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება მნიშვნელოვანი ღირებულებაა.

კელი დეგნანის თქმით, ნებისმიერი ჯანსაღი დემოკრატიისთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია შესაძლებელი იყოს მთავრობის მიმართ კრიტიკული მოსაზრებების გამოთქმა:

„ძალიან სამწუხაროა მოვლენების ასე განვითარება. სიტყვის თივსუფლება ძალიან მნიშნელოვანია. განსაკუთრებით, უფლება, შესაძლებელი იყოს კრიტიკული აზრების გამოთქმა მთავრობის მიმართ. ეს არის უმნიშნელოვანესი ღირებულება და ნაწილი ნებისმიერი ჯანსაღი დემოკრატიისა. განსაკუთრებით აღვნიშნავდი დღევანდელ დღეს, როდესაც არის 27 წლისთავი საქართველოს კონსტიტუციის მიღების, რომელიც სწორედ ამაზე საუბრობს“, — აცხადებს კელი დეგნანი.

კომუნიკაციების კომისიამ მოძრაობა “სირცხვილიას” რეკლამის ეთერში გაშვების გამო “მთავარი არხი” 118 688 ლარით დააჯარიმა, “ტვ პირველი” და “ფორმულა” კი გააფრთხილა. 23 აგვისტოს გადაწყვეტილებით კომისია ამბობს, რომ ტელეარხებმა არაწინასაარჩევნო პერიოდში პოლიტიკური რეკლამა ეთერში კანონდარღვევით განათავსეს.

სამივე ტელეარხს “ქართულმა ოცნებამ” უჩივლა. მმართველი პარტია ამბობდა, რომ 23 და 24 ივნისს ეთერში გავიდა რეკლამა, რომელიც წინასაარჩევნო/პოლიტიკური შინაარსის იყო. საქმე ეხება ვიდეორგოლს, რომლითაც მოძრაობა “სირცხვილია” მაყურებელს 24 ივნისს პროდასავლურ აქციაზე ეპატიჟებოდა.

მასალების გადაბეჭდვის წესი