რუსეთის თავდაცვის მინისტრი სერგეი შოიგუ აცხადებს, რომ რუსეთმა განგებ შეანელა უკრაინაში შეტევის ტემპი იმისათვის, რომ შეემცირებინა მსხვერპლი მშვიდობიან მოსახლეობაში. მან ამის შესახებ განცხადება შანხაის თანამშრომლობის ორგანიზაციის შეხვედრაზე გააკეთა.
შოიგუს თქმით, რუსეთი მკაცრად მიჰყვება ჰუმანიტარულ წესებს და დარტყმებს მხოლოდ მაღალი სიზუსტის იარაღით ახორციელებს უკრაინის სამხედრო ინფრასტრუქტურაზე.
“ამავე დროს ყველაფერი კეთდება იმისათვის, რომ თავიდან ავიცილოთ მსხვერპლი სამოქალაქო პირებში. ცხადია, ეს შეტევას ანელებს, მაგრამ ჩვენ ამას შეგნებულად ვაკეთებთ”, – განაცხადა შოიგუმ.
გაეროს თანახმად, უკრაინაში 13 ათასი სამოქალაქო პირი დაიღუპა ან დაშავდა. დაღუპულებს შორის 356 ბავშვია. ეს მხოლოდ ამ დროისთვის დადასტურებული რიცხვებია, საბოლოო სტატისტიკა, სავარაუდოდ, კიდევ უფრო დიდი იქნება. ომის გამო სამშობლო 11.1-მა მილიონმა ადამიანმა დატოვა. რუსეთის დაბომბვების შედეგად არაერთი დასახლებული პუნქტი განადგურებულია.