აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა გასცა გაფრთხილება, რომლის თანახმადაც უახლოეს დღეებში რუსეთი “აძლიერებს” ძალისხმევას, რომ დარტყმები განახორციელოს უკრაინის სამოქალაქო ინფრასტრუქტურასა და სამთავრობო ობიექტებზე.
The Guardian-ის მიხედვით, ეს არის კიევში აშშ-ის საელჩოს მხრიდან უსაფრთხოებასთან დაკავშირებით გაცემული პირველი გაფრთხილება უკანასკნელ თვეებში.
საელჩო არ ასახელებს ობიექტებს, რომლებზეც, მისი ინფორმაციით, რუსეთი აპირებს თავდასხმას, თუმცა აფრთხილებს აშშ-ის მოქალაქეებს, დატოვონ უკრაინა, თუ ეს მათთვის უსაფრთხო იქნება.
“უკრაინაში რუსეთის აქტივობების გათვალისწინებით, ჩვენ შეშფოთებული ვართ იმ მუდმივი საფრთხის გამო, რომელსაც რუსული თავდასხმები უქმნის სამოქალაქო პირებს და სამოქალაქო ინფრასტრუქტურას“, — განუცხადა Reuters-ს აშშ-ის ოფიციალურმა წარმომადგენელმა დაზვერვაზე დაყრდნობით.
აშშ-ის საელჩოს ზემოხსენებული გაფრთხილება წინ უძღვის უკრაინის დამოუკიდებლობის დღეს, რომელიც 24 აგვისტოს აღინიშნება. სწორედ ამ დღეს, 1991 წელს, უკრაინის პარლამენტმა საბჭოთა კავშირიდან ქვეყნის გამოყოფას მხარი დაუჭირა.
უკრაინის მთავრობამ მოუწოდა მოქალაქეებს, განსაკუთრებით ფრთხილად იყვნენ 24 აგვისტოს. ის საუბრობს რუსეთის მხრიდან სარაკეტო დარტყმების განხორციელებისა და “პროვოკაციების” საფრთხეზე.
“რუსეთი და პუტინის რეჟიმი თავს დაესხნენ უკრაინის დამოუკიდებლობას და დამოუკიდებელ უკრაინას. ისინი მართლაც შეპყრობილნი არიან თარიღებითა და სიმბოლოებით, ამიტომ ლოგიკური იქნება, ვიყოთ ფხიზლად და მოვემზადოთ დამოუკიდებლობის დღეს თავდასხმისთვის”, — თქვა ანდრიი იუსოვმა, უკრაინის დაზვერვის სამმართველოს ხელმძღვანელმა.
უსაფრთხოებასთან დაკავშირებული რისკების ფონზე მთავრობამ დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებული ღონისძიებები გააუქმა.
გარდა 24 აგვისტოს სიმბოლიზმისა, უკრაინაში რუსეთის მხრიდან სარაკეტო თავდასხმების გაძლიერებისთვის ემზადებიან რუსი პროპაგანდისტის, ალექსანდრ დუგინის შვილის მკვლელობის შემდეგაც, რაშიც რუსეთი უკრაინის სპეცსამსახურებს ადანაშაულებს. კიევი აღნიშნულს უარყოფს.
რუსეთის ფედერაცია უკრაინაში 2022 წლის 24 თებერვალს შეიჭრა და სრულმასშტაბიანი ომი წამოიწყო. არაერთი უკრაინული ქალაქი მიწასთან არის გასწორებული, დაიღუპა ათასობით ადამიანი, მათ შორის, ბავშვები.