ევროკავშირი განიხილავს უკრაინის მეზობელ ქვეყნებში უკრაინული სამხედრო ძალების საწვრთნელი პროგრამის დაწყებას. ამის შესახებ ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა და ევროკომისიის ვიცე-პრეზიდენტმა ჯოზეფ ბორელიმ დღეს, 22 აგვისტოს განაცხადა. ამ განცხადებას “რადიო თავისუფლების” ევროპული ბიურო ავრცელებს.
მისი თქმით, ეს საკითხი მომავალ კვირას პრაღაში, ევროკავშირის თავდაცვის მინისტრების შეხვედრაზე განიხილება.
“გონივრული იქნება, რომ ომი, რომელიც გრძელდება და, როგორც ჩანს, გაგრძელდება, მატერიალური დახმარების მიწოდებაზე მეტს მოითხოვს. ეს განიხილება ევროკავშირის წევრ ქვეყნებს შორის და მომავალ კვირას პოლიტიკურადაც იქნება განხილული”, — განაცხადა ბორელიმ.
მისივე თქმით, „რა თქმა უნდა, ეს იქნება დიდი მისია“. ბორელიმ ასევე დასძინა, რომ „ნებისმიერი მისია უნდა შეესაბამებოდეს კონფლიქტის მასშტაბს“.
“რადიო თავისუფლების” ინფორმაციით, ევროკომისიის ვიცე-პრეზიდენტს დამატებითი ინფორმაცია ამ საკითხზე არ გაუხმიანებია.