ახალი ამბები

აპრილ-ივნისში უმუშევრობა წინა წელთან შედარებით 18.1%-მდე შემცირდა

19 აგვისტო, 2022 •
აპრილ-ივნისში უმუშევრობა წინა წელთან შედარებით 18.1%-მდე შემცირდა

საქსტატის თანახმად, 2022 წლის II კვარტალში საქართველოში უმუშევრობის დონე წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 4.0 პროცენტული პუნქტით შემცირდა და 18.1 პროცენტი შეადგინა.

2022 წლის მეორე კვარტალში წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით დაქირავებულთა რიცხოვნობა გაიზარდა 36.2 ათასი კაცით (4.4%) და 867.9 ათასს მიაღწია, ხოლო თვითდასაქმებულთა რიცხოვნობა 19.4 ათასით გაიზარდა (5.1%) და 401.2 ათასი შეადგინა.

ამავე პერიოდში უმუშევართა რაოდენობა შემცირდა 63.0 ათასით (18.3%) და 281.6 ათასი შეადგინა.

2022 წლის მეორე კვარტალში წინა კვარტალთან შედარებით დაქირავებულთა რიცხოვნობა გაიზარდა 50.2 ათასი კაცით (6.1%), თვითდასაქმებულთა რიცხოვნობა გაზრდილია 18.9 ათასით (4.9%), ხოლო უმუშევართა რიცხოვნობა 8.1 ათასითაა (2.8%) შემცირებული.

2018-2022 წლებში უმუშევრობის დონის ცვლილება კვარტალების მიხედვით ასე გამოიყურებოდა:

მასალების გადაბეჭდვის წესი