სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო მთავრობის პრესცენტრის ცნობების თანახმად, ცხინვალმა ახალგორსა და ჯავაში მცხოვრებლებს თბილისის კონტროლირებად ტერიტორიებთან გამყოფი ხაზის გადაკვეთის უფლება მისცა.
ეს უფლება მოსახლეობას ექნება ყოველი თვის მხოლოდ 20-დან 30 რიცხვამდე, – დილის 9-დან საღამოს 7 საათამდე შუალედში,- და არა პერმანენტულად. ამასთან, დე ფაქტო მთავრობის კუთვნილი მედიის, „რესის“ ცნობით, ცვლილება დროებითია და 31 ნოემბრამდე იქნება ძალაში.
ცხინვალის ცნობით, გამშვები პუნქტები, სადაც მიმოსვლა იქნება დასაშვები, არის „რაზდახანი“ და „პერევი“.
დე ფაქტო პრეზიდენტმა ალან გაგლოევმა განაცხადა, რომ ეს გადაწყვეტილება ადგილობრივი მოსახლეობის მიმართვის შემდეგ მიიღეს.
ახალგორში მცხოვრები ეთნიკურად ქართველი მოსახლეობა 2019 წლის შემდეგ კიდევ უფრო მეტ იზოლაციაში ცხოვრობს, ვიდრე მანამდე.
კერძოდ, ახალგორიდან თბილისის კონტროლირებად ტერიტორიაზე გადმოსასვლელი პუნქტები 2019 წელს ჩაიკეტა. ცხინვალის დე ფაქტო ხელისუფლება ამბობდა, რომ სანამ ქართული მხარე წნელისთან გახსნილ საგუშაგოს არ აიღებდა, გამშვები პუნქტები არ გაიხსნებოდა.