სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო უშიშროების სამსახურის ცნობით, 2021 წლის დეკემბერში საზღვრის უკანონო კვეთისა და ნარკოტიკის კონტრაბანდის ბრალდებებით დაკავებულ საქართველოს მოქალაქეს, მამუკა ჩხიკვაძეს 3 წლითა და 8 თვით პატიმრობა მიუსაჯეს.
ჯერ კიდევ 2022 წლის მაისში დე ფაქტო უშიშროების სამსახური ავრცელებდა განცხადებას, რომლის თანახმად, ჩხიკვაძეს 5 წელი და 6 თვე ჰქონდა მისჯილი. თუმცა ახალ განცხადებაში ოსური მხარე ამ ფაქტს არ ახსენებს.
დე ფაქტო უწყების 17 აგვისტოს განცხადებაში ვკითხულობთ, რომ სასაზღვრო სამსახურმა, რუსეთის ფედერალურ სამსახურთან ერთად, ცხინვალში ნარკოტიკული საშუალებების შეტანის ფაქტი აღკვეთა.
“2021 წლის 10 დეკემბერს სამხრეთ ოსეთის სახელმწიფო საზღვრის დარღვევისთვის დაკავებული იყო 1981 წელს დაბადებული საქართველოს მოქალაქე მამუკა ჩხიკვაძე. პირადი დათვალიერებისას მას აღმოაჩნდა ნარკოტიკული საშუალება “მარიხუანა” 4 გრამზე მეტი ოდენობით. 4 აგვისტოს ჩხიკვაძე ცხინვალის რაიონულმა სასამართლომ დამნაშავედ ცნო რუსეთის ფედერაციის სისხლის სამართლის კოდექსის ორი მუხლით [სახელმწიფო საზღვრის უკანონო კვეთა; ნარკოტიკული საშუალების კონტრაბანდა]. დანაშაული, საერთო ჯამში, 3 წელსა და 8 თვეს საერთო კოლონიაში პატიმრობას ითვალისწინებს”, – წერია დე ფაქტო უწყების განცხადებაში.
საქართველოს მოქალაქე მამუკა ჩხიკვაძე ყოფილი სამხედროა, რომელიც საოკუპაციო ძალებმა სოფელ ზემო ნიქოზის მიმდებარე ტერიტორიაზე დააკავეს. ფაქტთან დაკავშირებით თბილისში საგარეო საქმეთა სამინისტროსთან, სამოქალაქო მოძრაობა „სირცხვილიას“ ორგანიზებით, მამუკა ჩხიკვაძის მხარდამჭერი აქცია მისი დაკავებისთანავე გაიმართა, სადაც მოქალაქეები ქართულ მხარეს რეაგირებისკენ მოუწოდებდნენ.