გაეროს გენერალური მდივანი, ანტონიო გუტიერეში უკრაინის ქალაქ ლვოვში ჩავიდა. ამის შესახებ ინფორმაციას გაერთიანებული ერების ორგანიზაცია ავრცელებს.
გუტიერეში ხვალ, 18 აგვისტოს უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკისთან და თურქეთის პრეზიდენტ რეჯეფ თაიფ ერდოღანთან გეგმავს შეხვედრას.
ლვოვის სამიტის ფარგლებში გამართულ შეხვედრაზე განიხილება რუსეთ-უკრაინის ომის “დიპლომატიური გზებით” დასრულების შესაძლებლობები. ამასთან, თურქეთის პრეზიდენტის საიტზე გამოქვეყნებულ რელიზში ნათქვამია, რომ მოლაპარაკების ფარგლებში ლიდერები თურქეთ-უკრაინის სტრატეგიული პარტნიორობის ყველა ასპექტზე ისაუბრებენ.
“ასევე, სამმხრივ სამიტზე განიხილავენ იმ პოტენციურ ნაბიჯებს, რომლებიც შეიძლება გადაიდგას უკრაინული ექსპორტის მხარდასაჭერად და რუსეთ-უკრაინის ომის „დიპლომატიური გზებით“ დასასრულებლად“, – ნათქვამია განცხადებაში.
გუტიერეში 19 აგვისტოს ოდესის პორტის მონახულებას გეგმავს, შემდეგ კი გაეროს გენერალური მდივანი გაემგზავრება თურქეთში, იმ საკოორდინაციო ცენტრის სანახავად, რომელიც უკრაინის ექსპორტის საკითხებზე მუშაობს.