ეროვნული ბანკი იუწყება, რომ 17 აგვისტოს გამართულ სავალუტო აუქციონზე გასაყიდად 20 მლნ აშშ დოლარი გამოიტანა, საიდანაც 8 305 000 აშშ დოლარი გაიყიდა.
ცენტრალური ბანკის ცნობით, საშუალო შეწონილმა გაცვლითმა კურსმა 2.7961 შეადგინა.
ამ ინტერვენციის შემდეგ, 18 აგვისტოსთვის მოქმედი კურსის თანახმად, ლარმა დოლართან მიმართებაში წინა დღის კურსი შეინარჩუნა, ევროსთან მიმართებაში კი გაუფასურდა.
კერძოდ, ერთი დოლარის ღირებულება კვლავ 2.8019 ლარია, ერთი ევროს ღირებულება კი 2.84 ლარიდან 2.85 ლარამდე გაიზარდა.
ზაფხულის დასაწყისიდან ბოლო პერიოდამდე დოლართან და ევროსთან ლარის სტაბილური გამყარების ტენდენციის შემდეგ, 13 აგვისტოდან ეროვნული ვალუტა 8 თეთრით გაუფასურდა.
ბოლო პერიოდში ეროვნული ბანკი რეზერვებს თანდათანობით ავსებდა. კერძოდ, საკონსულტაციო ფირმა „თიბისი კაპიტალის“ ცნობით, 2022 წლის ივლისში ეროვნულმა ბანკმა 110 მილიონი აშშ დოლარი შეისყიდა, აგვისტოში კი, სულ მცირე, 70 მლნ აშშ დოლარი.
ფინანსთა მინისტრმა ლაშა ხუციშვილმა 15 აგვისტოს ჟურნალისტების კითხვაზე პასუხად განაცხადა, რომ შესაძლოა, ყოველდღიური მონაცემები მერყეობდეს, თუმცა „ლარი იქნება სტაბილური და ამას უზრუნველყოფს ის ეკონომიკური აქტივობა, რაც ქვეყანაშია“.