ახალი ამბები

ექსკურსიაზე დაღუპული მოზარდის საქმეზე განაჩენს პროკურატურა გაასაჩივრებს

17 აგვისტო, 2022 • 992
ექსკურსიაზე დაღუპული მოზარდის საქმეზე განაჩენს პროკურატურა გაასაჩივრებს

საქართველოს პროკურატურის განცხადებით, უწყება გეგმავს გაასაჩივროს გურჯაანის რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილება, რომლის მიხედვითაც სკოლის ექსკურსიაზე დაღუპული სოფიო ნიკოლეიშვილის საქმეზე კლასის დამრიგებელს პირობითი მსჯავრი მიესაჯა, კიდევ ერთი მასწავლებელი კი გამართლდა.

პროკურატურაში აცხადებენ, რომ არ ეთანხმებიან აღნიშნულ გადაწყვეტილებას და სააპელაციო სასამართლოს მიმართავენ. გუშინ, 16 აგვისტოს ბრალდებული ნ.ს. დამნაშავედ ცნეს ლაგოდეხის ნაკრძალში, „ნინოსხევის ჩანჩქერზე“, 16 წლის მოზარდის გარდაცვალების ფაქტზე,  220-ე პრიმა მუხლის მეორე ნაწილით (გულგრილობა, რამაც გამოიწვია ადამიანის სიცოცხლის მოსპობა) და მას 3 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა, რაც 63-64-ე მუხლების საფუძველზე ჩაეთვალა პირობითად. მეორე ბრალდებული ვ.ქ. კი გურჯაანის რაიონულმა სასამართლომ წარდგენილ ბრალდებაში გაამართლა.

პროკურატურაში აცხადებენ, რომ ბრალდების მხარის მიერ სასამართლო პროცესზე გამოკვლეული მტკიცებულებებით დადასტურდა, რომ 2019 წლის 26 მაისს არასახელმწიფო საერო სკოლა „ალბიონის“ XI2 კლასის მოსწავლეები, აღმზრდელ ნ.ს.-ის ხელმძღვანელობით და სხვა პედაგოგების შემადგენლობით, საერო სკოლა „ალბიონის“ კუთვნილი მიკროავტობუსით გაემგზავრნენ ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის სოფელ გურგენიანში მდებარე ნაკრძალში „ნინოსხევის ჩანჩქერის“ მოსანახულებლად:

„დანიშნულების ადგილზე ჩასვლისას, მიუხედავად იმისა, რომ ნ.ს.-სთვის, როგორც ექსკურსიის ხელმძღვანელისთვის და სკოლა „ალბიონის“ სპეციალური უფლებამოსილების მქონე პირისთვის, ცნობილი გახდა მეტეოროლოგიური პირობების გამო საექსკურსიო მარშრუტის სირთულის შესახებ, გამოიჩინა დაუდევრობა და არაჯეროვნად შეაფასა არსებული ვითარება.

პედაგოგებისთვის ასევე ცნობილი იყო, რომ მოსწავლე სოფიო ნიკოლეიშვილი აპირებდა საბანაოდ ჩანჩქერში შესვლას. მიუხედავად ამისა, ნ.ს. მხოლოდ სიტყვიერი გაფრთხილებით შემოიფარგლა, გამოიჩინა გულგრილობა და მოსწავლეებს ნება დართო, სვლა გაეგრძელებინათ „ნინოსხევის ჩანჩქერის“ მიმართულებით, თავად კი ჩანჩქერზე არ ავიდა, ხოლო პედაგოგმა ვ.ქ.-მ ნაკრძალის რეინჯერის უშუალო გაფრთხილების მიუხედავად, რომ საფრთხე არსებობდა, იმ საფუძვლით, რომ კარგად იცნობდა მიმდებარე ტერიტორიას და არაერთხელ იყო ნამყოფი, თავად აიღო პასუხისმგებლობა, გაძღოლოდა მოსწავლეთა ჯგუფს და აეყვანა ჩანჩქერზე. პედაგოგების მიერ გამოჩენილი გულგრილობის და წინდახედულობის ნორმების უგულებელყოფის შედეგად, უმეთვალყურეოდ დარჩენილი სოფიო ნიკოლეიშვილი შევიდა ჩანჩქერის სწრაფ დინებაში და ვეღარ მოახერხა ნაპირზე დაბრუნება, რამაც მისი გარდაცვალება გამოიწვია“, – აცხადებენ პროკურატურაში.

პროკურატურის განცხადებით, აღნიშნულ ფაქტზე 2020 წლის 01 ივლისს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 220-ე პრიმა მუხლის მეორე ნაწილით გათვალისწინებული ბრალდება წარედგინათ შ.პ.ს. არასახელმწიფო საერო სკოლა „ალბიონის“ პედაგოგებს, ვ.ქ.-ს და ნ.ს.-ს.

მასალების გადაბეჭდვის წესი