ახალი ამბებისამხრეთ კავკასიის ამბები

ბჟანია სოხუმის აეროპორტს რუს ბიზნესმენ დერიპასკას გადასცემს | აფხაზური მედია

17 აგვისტო, 2022 •
ბჟანია სოხუმის აეროპორტს რუს ბიზნესმენ დერიპასკას გადასცემს | აფხაზური მედია

აფხაზური მედიის ცნობით, სოხუმის აეროპორტი რუსეთის საკუთრებაში გადადის –  აფხაზურ მხარეს მხოლოდ აეროპორტის მისასვლელი გზა და ელექტროენერგიის გამანაწილებელი პუნქტი რჩება. აეროპორტის კომპლექსში ყველა სხვა შემავალი ობიექტი კი “ინვესტორებმა” და რუსეთის ფედერაციამ ერთმანეთში გაინაწილეს.

აფხაზური “ნუჟნაია გაზეტას” ინფორმაციით, აეროპორტის ინვესტორი ვირჯინიის კუნძულებზე დარეგისტრირებული რუსული კომპანია Basic Element Ltd-ია, რომელიც რუს ბიზნესმენ ოლეგ დერიპასკას სახელს უკავშირდება.

ნავთობისა და ალუმინის ბიზნესით გამდიდრებულ ოლეგ დერიპასკას, სხვა პირებთან ერთად, ამერიკის შეერთებულმა შტატებმა სანქციები ჯერ კიდევ 2018 წელს დაუწესა. ის პუტინის გარემოცვის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ოლიგარქია. როგორც რუსი ოპოზიციონერის, ალექსეი ნავალნის გამოძიებიდან ირკვევა, რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის, სერგეი ლავროვის ნათესავები სარგებლობენ ოლეგ დერიპასკას იახტებით, თვითმფრინავებითა და სასახლეებით. სანაცვლოდ მას ლავროვი მფარველობს.

სოხუმის აეროპორტის აღსადგენად დაწყებული სამუშაოები რამდენიმე დღის წინ რუსეთის ეკონომიკის მინისტრმა დაათვალიერა აფხაზეთში ვიზიტის ფარგლებში.

აფხაზური მხარის ცნობითვე, სოხუმის ამჟამინდელი უფუნქციო აეროპორტი 2024 წელს დაიწყებს მუშაობას  რუსული ინვესტიციით.

სოხუმის აეროპორტი და შესაბამისი საჰაერო სივრცე 1993 წლიდან დაკეტილია, არ არის სერტიფიცირებული და სამოქალაქო ავიაციის საერთაშორისო ორგანიზაციის მიერ (ICAO), რომელიც აფხაზეთს აღიარებს საქართველოს შემადგენელ ნაწილად, არ აქვს მინიჭებული ადგილმდებარეობის განმსაზღვრელი ოთხნიშნა კოდი.  შესაბამისად, საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში, ისევე როგორც სამოქალაქო ავიაციის სააგენტოში, აცხადებენ, რომ “ოკუპირებული აფხაზეთის რეგიონში ვერ მოხდება საერთაშორისო ფრენების განხორციელება, ვინაიდან ეს ეწინააღმდეგება საერთაშორისო სამართალს, ICAO-ს წესდებას და საქართველოს კანონმდებლობას”.“რაც შეეხება საქართველოს ხელისუფლებას, აფხაზეთში აეროპორტის აღდგენა არაერთხელ გამხდარა კრიტიკის საგანი. თუმცა იცვლება დრო, ტურიზმი კი დამატებითი სტიმული ხდება. სოხუმის აეროპორტისთვის, სავარაუდოდ, რუსეთის აეროპორტის კოდი იქნება გამოყენებული”, –აცხადებდა აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკის პრეზიდენტი ასლან ბჟანია ქართული მხარის საპასუხოდ.

მასალების გადაბეჭდვის წესი