ახალი ამბები

კონკურენციის სააგენტომ საწვავის ფასზე მოკვლევა დაიწყო

17 აგვისტო, 2022 • 1409
კონკურენციის სააგენტომ საწვავის ფასზე მოკვლევა დაიწყო

კონკურენციის ეროვნულმა სააგენტომ საქართველოში საავტომობილო საწვავის ბაზარზე მოკვლევა დაიწყო. ამის შესახებ ინფორმაცია სააგენტომ დღეს, 17 აგვისტოს გაავრცელა.

სააგენტოს განმარტებით, მოკვლევის მიზანია საწვავის ბაზარზე მსხვილი რეალიზატორების მხრიდან კონკურენტული ქცევის შესწავლა და კონკურენციის კანონმდებლობასთან მისი თავსებადობის დადგენა.

“2022 წლის 7 თვის მონიტორინგის შედეგების მიხედვით, რუსეთიდან იმპორტირებული საწვავის შემთხვევაში იმპორტის დონეზე და რუმინეთიდან იმპორტირებული საწვავის შემთხვევაში საბაჟო საწყობის თვითღირებულების გათვალისწინებით, კონკრეტულ კომპანიებს ფასში კონკურენტული უპირატესობა გააჩნდათ, თუმცა აღნიშნულის ასახვა საცალო ბაზარზე სათანადოდ არ მომხდარა, მიუხედავად იმისა, რომ ამ პერიოდში ფიქსირდებოდა ნავთობზე საერთაშორისო ფასების კლება და ეროვნული ვალუტის კურსის გამყარების ტენდენციაც”, – წერს სააგენტო განცხადებაში.

კონკურენციის სააგენტომ მოკვლევა პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის რეკომენდაციის საფუძველზე დაიწყო.

15 აგვისტოს ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა, რომ ლარის კურსის გამყარებისა და პლაცზე [საწვავის საერთაშორისო ფასი] ფასების კლების ფონზე, კონკურენციის სააგენტოს მიმართა რეკომენდაციით, რათა ჩაატარონ მოკვლევა და შეამოწმონ იმპორტიორების კეთილსინდისიერება.

ამასთან, ღარიბაშვილმა აღნიშნა, რომ საწვავის იმპორტიორებისგან მთავრობამ დაპირება მიიღო, რომ აგვისტოს ბოლოსთვის საწვავის ფასი 20-30 თეთრით დაიკლებს.

მასალების გადაბეჭდვის წესი