ახალი ამბები

„მთავარი არხი“ ლაშა ნაკაიძესთან თანამშრომლობას წყვეტს

17 აგვისტო, 2022 • 2147
„მთავარი არხი“ ლაშა ნაკაიძესთან თანამშრომლობას წყვეტს

„მთავარი არხი“ განცხადებას ავრცელებს დილის გადაცემის წამყვანის, ლაშა ნაკაიძის დაკავებასთან დაკავშირებით და აცხადებს, რომ წყვეტს მასთან ნებისმიერ თანამშრომლობას.

განცხადებას ნეტგაზეთი უცვლელად გთავაზობთ:

„მთავარი არხი” გმობს და ემიჯნება ყოველგვარი სახის ძალადობას, მით უმეტეს, როდესაც საქმე ეხება კაცის მხრიდან ქალზე განხორციელებულ ძალადობას, რასაც არცერთ ვითარებაში არ აქვს გამართლება.

2022 წლის 15 აგვისტოს მომხდარი ფაქტის შესახებ პოლიციას თავად “მთავარი არხის” ერთ-ერთმა თანამშრომელმა აცნობა, რის შემდეგაც განხორციელდა დაშავებული ქალის სამედიცინო შემოწმება, გამოკითხვა და მისი ჩვენების საფუძველზე ლაშა ნაკაიძის დაკავება.

ნაკაიძისთვის წაყენებული ბრალდების სიმძიმიდან გამომდინარე, “მთავარი არხი” ვალდებულად მიიჩნევს თავს, შეაჩეროს მასთან ნებისმიერი სახის თანამშრომლობა. თუმცა, თუ მას დანაშაულის ჩადენა არ დაუმტკიცდება, არხი გადახედავს ლაშა ნაკაიძესთან საქმიანი ურთიერთობის აღდგენის შესაძლებლობას“.

შსს-ს ინფორმაციით, დილის გადაცემის ყოფილი წამყვანი, ლაშა ნაკაიძე დაკავებულია ოჯახში ძალადობის, გაუპატიურების მცდელობისა და მუქარის მუხლებით.

გამოძიება დაწყებულია შემდეგი სამი მიუხლით: 126-ე პრიმა მუხლის პირველი ნაწილით (ოჯახში ძალადობა); 11​​1 137-ე მუხლის პირველი ნაწილით (გაუპატიურების მცდელობა ოჯახის წევრის მიმართ) და 11​​1 151-ე მუხლის მეორე ნაწილი (ოჯახის წევრის მიმართ მუქარა).

წამყვანი ლაშა ნაკაიძე დააკავეს ოჯახში ძალადობისა და გაუპატიურების მცდელობის ბრალდებით

მასალების გადაბეჭდვის წესი