ახალი ამბები

50-მდე NGO ომბუდსმენობის კანდიდატების შერჩევის პროცესს იწყებს

17 აგვისტო, 2022 •
50-მდე NGO ომბუდსმენობის კანდიდატების შერჩევის პროცესს იწყებს

არასამთავრობო ორგანიზაციების ნაწილი ახალი სახალხო დამცველის კანდიდატების შერჩევის პროცესს იწყებს.

ამ პროცესში ჩართული NGO-ები აცხადებენ, რომ აგვისტოს ბოლოდან მიიღებენ ამ პოსტის დაკავების მსურველების განცხადებებს, სექტემბრის დასაწყისში კი შეიმუშავებენ იმ კრიტერიუმებს, რომლის მიხედვითაც ომბუდსმენი უნდა შეირჩეს.

არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები აღნიშნავენ, რომ თავად უზრუნველყოფენ დებატებს, რათა საზოგადოებამ მათ მიერ შერჩეული კანდიდატები გაიცნოს შემდეგ კი რამდენიმე პირის ნომინირებას პარტიებს შესთავაზებენ, რის შემდეგაც შერჩეული პირების წარდგენა ოფიციალურად მოხდება პარლამენტში. ახალი ომბუდსმენი მინიმუმ 90 ხმით სწორედ პარლამენტმა უნდა აირჩიოს.

„ხელმომწერმა ორგანიზაციებმა ფართო კონსულტაციების შედეგად გადავწყვიტეთ, ერთობლივად შევიმუშაოთ ომბუდსმენის კანდიდატობის ნომინირების წესი და ის კრიტერიუმები, რასაც უნდა აკმაყოფილებდეს ომბუდსმენის კანდიდატი; საერთაშორისო სტანდარტების, კერძოდ, პარიზის პრინციპების, ვენეციის პრინციპებისა და ევროსაბჭოს მინისტრთა კომიტეტის რეკომენდაციის მოთხოვნების შესაბამისად, მნიშვნელოვანია ომბუდსმენის კანდიდატის შერჩევის ინკლუზიური პროცესი. ასევე, საჭიროა შესაფერისი კანდიდატების ფართო სპექტრის წახალისება, რომელთაც აქვთ მაღალი მორალური თვისებები, შეუვალობა და შესაბამისი პროფესიული ცოდნა და გამოცდილება, მათ შორის, ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა სფეროში.

ამასთან, საერთაშორისო სტანდარტების მიხედვით სახალხო დამცველის არჩევის პროცესში, აუცილებელია სოციალური ძალების (სამოქალაქო საზოგადოების) პლურალისტური წარმომადგენლობის უზრუნველყოფა, რომლებიც ჩართული არიან ადამიანის უფლებების დაცვასა და ხელშეწყობაში. საჭიროა ფართო კონსულტაციებისს, განხილვების, შერჩევისა და დანიშვნის პროცესის ხელშეწყობა და ომბუდსმენობის აპლიკანტების შეფასება წინასწარ განსაზღვრული, ობიექტური და საჯაროდ ხელმისაწვდომი, პროფესიონალურ თვისებებსა და დამსახურებებზე დაფუძნებული კრიტერიუმების საფუძველზე“, – აცხადებენ სელმომწერები.

50-მდე არსამთავრობო ორგანიზაცია აღნიშნავს, რომ სწორედ აღნიშნული სტანდარტების უზრუნველსაყოფად იწყებენ დაინტერესებული ორგანიზაციების მოწვევას, რომლებსაც აქვთ ადამიანის უფლებათა დაცვის სფეროში გამოცდილება და ქვემორე ხელმომწერებიდან 3 ორგანიზაცია გაუწევს რეკომენდაციას.

განცხადების ავტორები აღნიშნავენ, რომ ორგანიზაციების მიერ ომბუდსმენის კანდიდატების დასახელების წესი დეტალურად გაიწერება მას შემდეგ, რაც გაფართოებული შემადგენლობის ფორმირება დასრულდება:

„სამოქალაქო სექტორის აღნიშნული გაფართოებული შემადგენლობიდან 10 სუბიექტი შეძლებს ომბუდსმენის თითო კანდიდატის დასახელებას, რომელიც უნდა აკმაყოფილებდეს საერთაშორისო სტანდარტებით გათვალისწინებულ კრიტერიუმებს. დასახელებული კანდიდატების ფართო საზოგადოებისთვის გაცნობის მიზნით ჩვენ უზრუნველვყოფთ საჯარო შეხვედრებს, განხილვებსა და დისკუსიებს, რათა ფართო საზოგადოებას ჰქონდეს საშუალება გაიცნოს სახალხო დამცველის კანდიდატები და მათი ხედვები. აღნიშნულ კანდიდატებს ჩვენ ასევე წარვუდგენთ პოლიტიკურ პარტიებს, რათა მათ მოახდინონ აღნიშნული კანდიდატების ნომინირება საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად.

ჩვენ კიდევ ერთხელ მოვუწოდებთ ყველა დაინტერესებულ უფლებადამცველს, სამოქალაქო მოძრაობასა თუ ორგანიზაციას, ჩაერთონ ამ კრიტიკული მნიშვნელობის პროცესში, რათა უზრუნველყოფილი იქნას ომბუდსმენის კანდიდატების ნომინირების პროცესის ინკლუზიურობა და გამჭვირვალობა. საქართველოს ტრადიციულად ჰყავს დამოუკიდებელი, მაღალკვალიფიცური და პარტიებთან არააფილირებული სახალხო დამცველები და სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია, შენარჩუნდეს სახალხო დამცველის დამოუკიდებლობა მომავალშიც, წინამდებარე ინიციატივაც სწორედ ამ მიზნის მიღწევას ემსახურება“, – აცხადებენ NGO-ები.

მიხედავად ამისა, NGO-ები არ გამორიცხავენ, რომ „ქართულმა ოცნებამ“, რომელსაც ამჟამად საკუთარი კანდიდატის ასარჩევად ხმები არ ჰყოფნის, მაინც მოიპოვოს დამატებით 6 დეპუტატის მხარდაჭერა.

„90 ხმა „ქართულ ოცნებას“ არ აქვს პარლამენტში და საჭიროა რომ მოიპოვოს 6 ხმა. აქ არის ძალიან საინტერესო, რა შეიძლება მოხდეს. ჩვენ ვუშვებთ იმის შესაძლებლობას, რომ ოცნება რომელიმე პარტიებს გაურიგდეს გარკვეული პრივილეგიების თუ შეთავაზებების სანაცვლოდ მიიღოს მათგან ეს 6 ხმა და დანიშნოს საკუთარი კანდიდატი“ ,- ამბობს „საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის“ თავმჯდომარე ნიკა სიმონიშვილი.

მოქმედ სახალხო დამცველ ნინო ლომჯარიას უფლებამოსილება წლის ბოლოს ეწურება. ახალი ომბუდსმენის გამჭვირვალედ და დემოკრატიულად არჩევა კი ერთ-ერთია იმ კრიტერიუმებს შორის, რომელიც საქართველოს ევროკავშირმა კანდიდატის სტატუსის მისაღებად დაუწესა.

განცხადებას ხელს აწერენ:

Ხელმომწერი ორგანიზაციები (განახლებადი სია):
საფარი;
საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია (GYLA);
სოციალური სამართლიანობის ცენტრი;
საქართველოს დემოკრატიული ინიციატივა (GDI);
საქართველოს რეფორმების ასოციაცია;
ტოლერანტობის და მრავალფეროვნების ინსტიტუტი (TDI);
მედიის განვითარების ფონდი;
დემოკრატიის მცველები;
ეკონომიკური პოლიტიკის კვლევით ცენტრი;
სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოება;
ადამიანის უფლებათა ცენტრი (HRC);
წამების მსხვერპლთა ფსიქოსოციალური და სამედიცინო რეაბილიტაციის ცენტრი (GCRT);
თბილისის ადამიანის უფლებათა სახლი (HRHT);
დემოკრატიის მცველები;
ქალთა მოძრაობა;
Სოლიდარობის მუზეუმი;
გარემოსდაცვითი სათემო ორგანიზაცია “ეკო”;
დემოკრატიული ჩართულობის ცენტრების ქსელი ;
Კოალიცია დამოუკიდებელი ცხოვრებისათვის (CIL);
Საქართველოს ღია საზოგადოება ფონდი (OSGF);
სოლიდარობის თემი;
Ასოციაცია “ანიკა”;
ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი (IDFI);
ლიბერალური აკადემია;
ტოლერანტი – სამცხე-ჯავახეთის რეგიონალური ასოციაცია;
ქალები საერთო მომავლისთვის (WECF) – საქართველო;
საქართველოს ატლანტიკური საბჭო;
Უფლებები საქართველო;
Დემოკტრატიის კვლევის ინსტიტუტი;
Თანასწორობის მოძრაობა;
Მწვანე ალტერნატივა ;
მმართველობითი სისტემების განვითარების ცენტრი;
ფონდი აურეს;
Მარნეულის დემოკრატ ქალთა საზოგადოება;
Თბილისის ადამიანის უფლებათა სახლი;
მშვიდობის, დემოკრატიის და განვითარების კავკასიური ინსტიტუტი (CIPDD);
დემოკრატიის ინდექსი საქართველო;
ქალთა ინიციატივების მხარდამჭერი ჯგუფი;
Girlz wave;
Თბილისი პრაიდი;
Პლატფორმა ახალი შესაძლებლობებისთვის;
Youth identoba;
Მოძრაობა სირცხვილია;
Სოციალურ მუშაკთა გაერთიანება;
საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველო;
მედიის ინსტიტუტი;
პლატფორმა სალამი;
ქალთა საინფორმაციო ცენტრი;
თანასწორობის მოძრაობა.

მასალების გადაბეჭდვის წესი