ახალი ამბები

თბილისის მერი თბილისის მერობის კანდიდატია

26 აპრილი, 2010 • 1533
თბილისის მერი თბილისის მერობის კანდიდატია

„მან (გიგი უგულავამ) უნდა შეძლოს, რომ ბოლომდე მიიყვანოს ყველა დაწყებული საქმე“, -აღნიშნა დღეს პარლამენტის თავმჯდომარემ, – დავით ბაქრაძემ.

მმართველმა პარტიამ გიგი უგულავა მერობის კანდიდატად დღეს დაასახელა.

ამასთან, გიგი უგულავა საქართველოს კანონმდებლობის თანახმად, პოლიტიკური პირია, რომელსაც ერთდროულად, ქალაქის მერი და ქალაქის მერობის კანდიდატი  შეუძლია  იყოს.

საარჩევნო კოდექსის მიხედვით, თუკი  ქალაქის მერი, საკრებულოს თავმჯდომარე, ან  გამგებელი  არჩევნებში მონაწილეობას მიიღებს, სავალდებულო არ არის, რომ ის თანამდებობიდან გადადგეს, რადგან კანონის მიხედვით, ქალაქის მერიც, საკრებულოს თავმჯდომარე და გამგებელიც პოლიტიკური პირები არიან.

„წინასაარჩევნო კოდექსში არის  ასეთი ნორმაც,– მერს, როგრც  პოლიტიკური თანამდებობის პირს,  საარჩევნო კოდექსი არ უკრძალავს  წინასაარჩევნო აგიტაციაში მონაწილეობის მიღებას. რაც რიგით საჯარო მოხელეებს აკრძალული აქვთ“, –ამბობს საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის იურისტი, ნინო ლომჯარია.

არასამთავრობო ორგანიზაციის, „საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს“ პროგრამების დირექტორის, ნინო ახალკაცის თქმით, ერთადერთი შეზღუდვა არის ის, რომ არჩევნების დანიშვნის დღიდან ნებისმიერი ბეჭდვითი მასალა, რომელიც სახელმწიფოს ბიუჯეტიდან ფინანსდება, არ უნდა მოიცავდეს კანდიდატის აგიტაციას რაიმე სახით. „მაგალითად, თუკი, გიგი უგულავა, რომელიც სახელმწიფოს მხრიდან დაფინანსებულ ღონისძიებაზე წავა,  საკუთარი თავის, როგორც მერობის კანდიდატს აგიტაცია არ უნდა გაწიოს.  მან არ უნდა გამოიყენოს სახელმწიფო რესურსები ამისთვის“,–აღნიშნავს ნინო ახალკაცი.   

როგორც  საინფორმაციო სააგენტო, „ინტერპრესნიუსი“ იუწყება,  იურიდიულ საკითხთა საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარე, პავლე კუბლაშვილი ირწმუნება, რომ მსგავსი რამ არ მოხდება, რადგან აგიტაცია და სახელმწიფო ფუნქცია ერთმანეთში არ იქნება აღრეული და
ამაზე მკაცრი მონიტორინგი ხორციელდება.

ნინო ახალკაცის თქმით, 2006 წელს სოციალური რეკლამები, რომელიც   ტელევიზიით გადიოდა და 600 000 000 ლარი დაუჯდა სახელმწიფო ბიუჯეტს, ეხებოდა  ქალაქის მერის საქმიანობას. „ეს იყო  ფარული რეკლამა, მაგრამ სოციალურ რეკლამად იყო გასაღებული და სახელმწიფო ბიუჯეტიდან ფინანსდებოდა. თუკი იქნება ასეთივე ფარული აქტივობები, ეს კანონის დარღვევა იქნება.  ამის მონიტორინგს კი, პირველ რიგში, ცენტრალური საარჩევნო კომისია უნდა აკეთებდეს“, –ამბობს ნინო ახალკაცი.

„ადმინისტრაციული რესურსების გამოყენების ალბათობა ძალიან დიდია“, –ფიქრობს იურისტი, ნინო ლომჯარია და აღნიშნავს რომ კანდიდატები არათანაბარ პირობებში შეიძლება აღმოჩდნენ.  

„საერთოდ,მმართველ პარტიას და მის კანდიდატს,  აქვთ მეტი ხელმისაწვდომობა ადმინისტრაციულ რესურსებზე, ისინი, უპირატეს მდგომარეობაში არიან“, –ამბობს ნინო ახალკაცი.

მისი თქმით, საქართველო ეუთოს წევრი ქვეყანაა და ვალდებულია კოპენჰაგენის 1990 წლის ხელშეკრულება გაითვალისწინოს, რომელიც ითვალისწინებს გამიჯვნას პოლიტიკური თანამდებობის პირების მიერ წინასაარჩევნო კამპანიის დროს სამსახურეობრივი მოვალეობების შესრულებისას.

საქართველოს ახალგაზრდა ასოციაციის 2010 წლის 23 აპრილის შუალედური ანგარიშის მიხედვითაც  „აღნიშნული პრაქტიკის დამკვირდებას ხელი შეუწყო საარჩევნო კოდექსში იმ ნორმების არსებობამ, რომლებიც პოლიტიკურ თანამდებოის პირებს ნებას რთავს შეითავსონ წინასაარჩევნო კამპანია მათი სამსახურეონრივი მოვალეობების განხორციელებას, ვენეციის კომისიის მოსაზრებით აღნიშნული ნორმები აფერმკრთალებს სახელმწიფოსა და პოლიტიკურ პარტიებს შორის დადგენილ ზღვარს და წინააღმდეგობაში მოდის ეუთოს წინაშე ნაკისრ ვალდებულებებთან“.

„კანონში ამ მხრივ ბევრი ბუნდოვანებაა და საჭიროა რომ ცვლილებები შევიდეს მასში“, – ფიქრობს „საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს“ თავმჯდომარე, ნინო ახალკაცი.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი