ახალი ამბები

ესტონეთში საბჭოთა ძეგლების დემონტაჟი დაიწყო

16 აგვისტო, 2022 • 1324
ესტონეთში საბჭოთა ძეგლების დემონტაჟი დაიწყო

ესტონეთის მთავრობამ საბჭოთა ძეგლების დემონტაჟი დაიწყო.

ერთ-ერთი ასეთი ძეგლია ქალაქ ნარვაში მდგომმი საბჭოთა ტანკი – T-34.  ტანკი  საბჭოთა ოკუპაციის ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი სიმბოლოა ესტონეთში, რომელიც მდებარეობს ქალაქ ნარვაში, სადაც მოსახლეობის დიდი უმრავლესობა (80%-ზე მეტი) ეთნიკური რუსია, ხოლო დაახლოებით 36%-ს რუსეთის მოქალაქეობა აქვს.

ნარვას მერი კატრი რაიკი საბჭოთა ძეგლის აღების წინააღმდეგ გამოვიდა და მას ადგილობრივი რუსულენოვანი მოსახლეობის იდენტობის ნაწილი უწოდა. ძეგლის დემონტაჟის შესახებ მსჯელობის ფონზე კი ადგილობრივმა მოსახლეობამ მორიგეობა დაიწყო, რათა ქალაქიდან არ გადაეტანათ.

თუმცა, ადგილობრივი მოსახლეობის წინააღმდეგობის მიუხედავად, მთავრობამ გადაწყვიტა საბჭოთა ტანკის ესტონეთის ომის მუზეუმისთვის გადაცემა. ესტონეთის მთავრობამ გადაწყვიტა გადაეტანა არა მხოლოდ ტანკი, არამედ დანარჩენი საბჭოთა ძეგლები ნარვადან და ქალაქ ნარვა-იიესუუდან.

უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად პოლიციამ ძეგლებთან კომენდანტის საათი დააწესა, რის გამოც მათკენ მიმავალი გზა მანქანებისთვის და ფეხით მოსიარულეებისთვის გადაკეტილია. მათ შორის პოლიციამ შეზღუდა ხალხის მოძრაობა ნარვას ტანკთან და მიმდებარე ძეგლებთან.

მას შემდეგ, რაც რუსეთმა 24 თებერვალს უკრაინის ტერიტორიაზე სრულმასშტაბიანი ომი წამოიწყო, ესტონეთის პრემიერ-მინისტრმა კაია კალასმა განაცხადა, რომ ესტონეთის საჯარო სივრცეში საბჭოთა სამხედრო ძეგლები აღარ არის მხოლოდ ადგილობრივი პრობლემა.

მისი თქმით, ისეთ აგრესიულად განწყობილ მეზობელს, როგორიც რუსეთია, ესტონეთში დაძაბულობის ესკალაციის საშუალებას არ მისცემენ.

„ჩვენ ვერ მივცემთ რუსეთს შესაძლებლობას, გამოიყენოს ჩვენი წარსული საზოგადოების გახლეჩვისთვის“, – თქვა კალასმა.

როგორც კალასმა განაცხადა, საზოგადოებრივი წესრიგისა და შიდა უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად მთავრობამ სწორად უნდა იმოქმედოს.

„ამიტომ დღეს დილით მთავრობამ გადაწყვიტა სამხედრო ძეგლების დემონტაჟი, რათა მათ გამო არ მოხდეს საზოგადოებაში კიდევ უფრო მეტი სიძულვილის პროვოცირება და ძველი ჭრილობების ხელახლა გახსნა“, – განაცხადა ესტონეთის პრემიერმა.

მისივე თქმით, ნარვაში მეორე მსოფლიო ომში დაღუპულთა მასობრივ საფლავზე ნეიტრალური ნიშანი დამონტაჟდება და ის კვლავაც იქნება მიცვალებულთა ხსოვნისთვის პატივის მისაგებად ღირსეული ადგილი.

ფოტო: ნარვაში მდებარე საბჭოთა ტანკის – T-34-ის ძეგლი

მასალების გადაბეჭდვის წესი