თბილისის მერია 60+ ასაკის პირებს საცურაო აუზებისა და ფიტნეს დარბაზების მომსახურებას დაუფინანსებს.
მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ქვეპროგრამის „სპორტი უფროსი თაობისთვის“ მიხედვით, მოსარგებლეებს ქვეპროგრამაში ჩართვის შემდეგ დაუფინანსდებათ აუზზე ცურვის ან/და ფიტნეს დარბაზის 1-საათიანი ხანგრძლივობის მომსახურება თვეში არაუმეტეს 9 ვიზიტს განმავლობაში. ამასთან, საკრებულოს დადგენილების მიხედვით, მოსარგებლეებს მომსახურების მიღება შეეძლებათ 11:00 საათიდან 14:00 საათამდე პერიოდში.
დოკუმენტის მიხედვით, ქვეპროგრამის ფარგლებში დაფინანსდება თვეში არაუმეტეს 300 მოსარგებლე, რომლებსაც მომსახურების მიმწოდებლის საცურაო აუზის ან/და ფიტნეს დარბაზის არჩევა შეეძლებათ.
იმისათვის, რომ 60+ ასაკის პირებმა პროგრამით ისარგებლონ, მომსახურების მიმწოდებელს, (საცურაო აუზს/ფიტნეს დარბაზს) უნდა წარუდგინონ პირადობის მოწმობის ასლი, ცნობა ადმინისტრაციული ორგანოდან რეგისტრაციის ადგილის შესახებ, სამედიცინო ცნობა და შეავსონ მომსახურების მიმწოდებლის მიერ განსაზღვრული სარეგისტრაციო დოკუმენტაცია.
საკრებულოს დადგენილების მიხედვით, ქვეპროგრამით გათვალისწინებული მომსახურება დაფინანსდება ფაქტობრივად გაწეული მომსახურების მიხედვით გათვალისწინებული ლიმიტის ფარგლებში. კერძოდ, ერთი ვიზიტის ღირებულება არ უნდა აღემატებოდეს 4 ლარს. გაწეული მომსახურებისათვის თანხის მისაღებად, დოკუმენტის მიხედვით, მომსახურების მიმწოდებელი სამსახურს წარუდგენს საანგარიშგებო დოკუმენტაციას (მოსარგებლეთა რეესტრი და მომსახურების გაწევის დამადასტურებელი დოკუმენტი) საანგარიშგებო თვის მომდევნო თვის 10 რიცხვამდე.