ლატვიამ უკრაინის საჰაერო ძალებს Mi-17 და Mi-2-ის ტიპის 4 ვერტმფრენი გადასცა. ამის შესახებ ინფორმაციას “უკრაინსკაია პრავდა” ავრცელებს.
“ნახევარი წლის წინ ლატვიის მიერ ნაჩუქარი Stinger-ის სისტემა უკრაინის არმიას რუსეთის შეჭრის შეკავებაში დაეხმარა. ახლა, როცა უკრაინელი მებრძოლები კონტრშეტევას ახორციელებენ ბევრ ადგილას, ჩვენი შემოწირული ვერტმფრენები მათ საბრძოლო მოქმედებების ჩატარებასა და გადარჩენაში დაეხმარება. დასავლეთის ქვეყნებმა უკრაინის მხარდაჭერა არ უნდა შეწყვიტონ, სანამ [უკრაინა] რუსი საოკუპაციო ძალებისგან არ გაათავისუფლებს ტერიტორიებს”, – აღნიშნა ლატვიის თავდაცვის მინისტრმა არტის პაბრიკსმა.
“უკრაინსკაია პრავდას” ინფორმაციით, ორი Mi-17 და ორი Mi-2-ის ტიპის ვერტმფრენი უკრაინაში დაშლილ მდგომარეობაში შევიდა. უკრაინის შეიარაღებული ძალები ვერტმფრენების გამოყენებას მათი აწყობის შემდეგ დაიწყებენ.