იუსტიციის მინისტრი რატი ბრეგაძე ადასტურებს, რომ სუს-ის უფროსის ყოფილი მოადგილე სოსო გოგაშვილი ციხეში თავის ოჯახის წევრებს შეხვდა. ამის შესახებ იუსტიციის მინისტრმა დღეს, 12 აგგვისტოს, განაცხადა.
სოსო გოგაშვილის ადვოკატები აცხადებენ, რომ მასსა და ოჯახს შორის შეხვედრა ციხეში ორჯერ მოხდა, მიუხედავად იმისა, რომ გოგაშვილს ეს დადგენილებით ჰქონდა აკრძალული.
რატი ბრეგაძის თქმით კი, გოგაშვილს ოჯახთან შეხვედრის ნება, მათ შორის, წახალისების მიზნითაც მისცეს. თუმცა გოგაშვილის ადვოკატების თქმით, ოჯახის წევრებს იმიტომ შეახვედრეს, რომ მათთვის ის მუქარა გადაეცათ, რაც, როგორც თავად ამბობს, ბიძინა ივანიშვილისგან და ვახტანგ გომელაურისგან მიიღო.
„თქვენთვის კარგად ნაცნობია, რომ ამ გამოძიებაში საქმის მასალებს ადევს გრიფი საიდუმლო და მე მხოლოდ იმას გეტყვით, რომ მისი შეხვედრა ოჯახის წევრებთან იყო კანონმდებლობის სრული დაცვით ჩატარებული. ეს იყო მისი თხოვნის საფუძველზე გაკეთებული. აქვე იმასაც ვიტყვი, რომ სხვათა შორის, ბატონი გოგაშვილი ძალიან დიდ მადლიერებას გამოხატავდა პენიტენციური სამსახურის თანამშრომლების მიმართ, მისი ქცევაც იყო ძალიან დადებითი და, შესაბამისად, გარკვეული წახალისების ღონისძიების სახით იყო.
მე არ ვიცი, ის რაზე საუბრობს, მე ვიცი ის, რომ ის თანამშრომლებთან, მათ შორის ექიმებთანაც, ყოველთვის გამოხატავდა მადლიერებას მისდამი კარგი დამოკიდებულების გამო და ის შეხვედრა, რომელიც ჩატარდა, ჩატარდა მისი მოთხოვნით. მათ შორის, მისი ყოფაქცევაც იყო ძალიან დადებითი და ერთგვარი წახალისების ღონისძიების სახით იყო ეს შეხვედრა გამოყენებული[…] პენიტენციურ დაწესებულებაში აბსოლუტურად ყველა ქმედება ხორციელდება კანონის საფუძველზე და ვერც ერთი უკანონო ქმედება იქ ვერ განხორციელდება“, – განაცხადა რატი ბრეგაძემ.
რაც შეეხება საშხაპის ეპიზოდს, სადაც გოგაშვილის, ადვოკატების განცხადებით, ტელეფონი დაახვედრეს, რომლითაც შს მინისტრ ვახტანგ გომელაურს ესაუბრა და მუქარა მიიღო, რატი ბრეგაძე ამბობს, რომ საშხაპეში შესვლის უფლებით ყველა პატიმარი სარგებლობს.
„გიდასტურებთ ერთადერთს, რომ შედგა შეხვედრა მას და მისი ოჯახის წევრებს შორის, მთელი ამ ისტორიებიდან გამომდინარე, დანარჩენი ახლა ნებისმიერმა ადამიანმა შეიძლება განაცხადოს ათასი რამ. ზოგადად, ამ ადამიანს აქვს თავისი არჩევანი, მის გამოხატვის თავისუფლებაში ჩვენ ვერ ჩავერევით. ზოგადად, ყველა პატიმარი სარგებლობს საშხაპეში შესვლის უფლებით, მათ შორის ბატონი გოგაშვილი. და, ბუნებრივია, შესაძლოა, მან ისარგებლა ამ უფლებით და იყო შესული საშხაპეში“, – განაცხადა რატი ბრეგაძემ.
უსაფრთხოების სამსახურის უფროსის ყოფილი მოადგილე სოსო გოგაშვილი 16 ივლისს საკუთარ სახლში სამი ბრალდებით დააკავეს. გამოძიება მას ედავება პერსონალური მონაცემების ხელყოფას, უფლებამოსილების გადამეტებასა და ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შეძენა-შენახვას. გოგაშვილი თავს პოლიტიკურ პატიმრად მიიჩნევს.
10 აგვისტოს გომელაურის ფეისბუკ გვერდზე მისი განცხადება გამოქვეყნდა. სუს-ის ყოფილი მაღალჩინოსანი ამბობს, რომ ბიძინა ივანიშვილისგან მუქარა მიიღო.
ადვოკატების განცხადებით, პატიმრობაში მყოფ სოსო გოგაშვილს შინაგან საქმეთა მინისტრი ვახტანგ გომელაური პირადად ემუქრება.
ადვოკატები ჰყვებიან, რომ გოგაშვილისგან შს მინისტრი ითხოვდა გაჩუმებასა და რიგ საკითხებზე სასურველი ჩვენების მიცემას. იმავე მიზნით, მათი თქმით, ის ციხეში ორჯერ შეახვედრეს ოჯახსაც, რაც მანამდე გოგაშვილს აკრძალული ჰქონდა.
გოგაშვილის ადვოკატების ცნობით, აღნიშნული განცხადების შემდეგ მასთან შევიდნენ სპეციალური საგამოძიებო სამსახურის გამომძიებლები. ასევე, როგორც ადვოკატმა რამაზ ჩინჩალაძემ ნეტგაზეთს უთხრა, გამოძიების დაწყების მოთხოვნით პროკურატურასაც მიმართავენ.