ახალი ამბები

ანა ნაცვლიშვილმა მართლმსაჯულების რეფორმის შესახებ ხედვა წარადგინა

11 აგვისტო, 2022 • 1038
ანა ნაცვლიშვილმა მართლმსაჯულების რეფორმის შესახებ ხედვა წარადგინა

დღეს, 11 აგვისტოს, პარლამენტში „ლელოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა და პარლამენტის წევრმა ანა ნაცვლიშვილმა სასამართლო რეფორმის თემაზე ბრიფინგი გამართა და მართლმსაჯულების რეფორმის შესახებ გაწერილი სამუშაო კვლევა/დოკუმენტი წარადგინა.

ნაცვლიშვლის მიერ წარდგენილ დოკუმენტში ასახულია 2013-2021 წლებში სასამართლოს მიმართულებით გატარებული ცვლილებების ანალიზი, რაც მისი თქმით, აჩვენებს, რომ დაპირება შეუსრულებელია.

ანა ნაცვლიშვილის თქმით, „ქართულმა ოცნებამ“ რეფორმას დაუქვემდებარა კანონები, მაგრამ უცვლელი დატოვა უსამართლო სისტემის ორი მთავარი საყრდენი,
რომელსაც ხელისუფლებაში მოსვლამდე ებრძოდა და აკრიტიკებდა – დისკრედიტირებული სასამართლო კორპუსი და სასამართლო სისტემის მართვის მანკიერი სისტემა.

მისი თქმით, ამ ორი კომპონენტის უცვლელობამ ძალა გამოაცალა განხორციელებულ საკანონმდებლო ცვლილებებს.

როგორც ანა ნაცვლიშვილი ამბობს, ევროკომისიის 12-პუნქტიანი გეგმის შესასრულებლად რეფორმა უნდა დაეფუძნოს ობიექტური, სრულყოფილი, ინკლუზიური პროცესის შედეგად შემუშავებულ შეფასებას სასამართლოში არსებული პრობლემების შესახებ.

მისი თქმით, ამგვარი შეფასების გარეშე რეფორმა კვლავ იქნება პარტიული ინტერესით ნაკარნახევი და ვერ მოიტანს საჭირო შედეგს. ნაცვლიშვილი იმ ნაბიჯებს ასახელებს, რაც უნდა გადაიდგას სასამართლოს რეფორმისთვის:

  • დაუყოვნებლივ უნდა მოხდეს იუსტიციის საბჭოს დაკომპლექტება 5 არამოსამართლე წევრით. ხუთივე წევრი უნდა შეირჩეს კომპეტენციის, კეთილსინდისიერების და საზოგადოების ფართო წრეში სანდოობის მიხედვით, არა პარტიისადმი ლოიალობის ნიშნით;
  •  საბჭოს არამოსამართლე წევრებს უნდა მიეცეთ რეალური ბერკეტები და არა ფორმალური ძალაუფლება საბჭოში (ორმაგი 2/3- ით გადაწყვეტილების
    მიღების წესის შემოღება);
  • დღის წესრიგში უნდა დადგეს საბჭოს მიერ არასრული შემადგნელობით მიღებული გადაწყვეტილებების, მათ შორის უზენაეს სასამართლოში
    დანიშვნების გადახედვის საკითხი;
  • მოხდეს 2021 წლის დეკემბრის ბოლოს „საერთო სასამართლოების შესახებ“კანონში მიღებული უკიდურესად დამაზიანებელი ცვლილებების გაუქმება და სტატუს-კვოს აღდგენა.

ნაცვლიშვილის თქმით, არსებითი ცვლილებები უნდა შეეხოს: იუსტიციის საბჭოს საქმიანობის წესს, სკოლას, დისციპლინურ სისტემას, თავმჯდომარეების არჩევის წესს, საქმის განაწილების საკითხი სათანადოდ უნდა მოწესრიგდეს კანონით და ა.შ.

დოკუმენტი დღესვე გაეგზავნება პარლამენტის იურიდიულ კომიტეტს.

მასალების გადაბეჭდვის წესი